“დილამ” თამაში ჩემპიონთან შემოატრიალა – ბათუმელთა პირველი მარცხი

0
70

ბათუმის “დინამომ” მიმდინარე სეზონში პირველი თამაში წააგო. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-3 ტურში გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი გორში ადგილობრივ “დილას” დაუპრისიპირდა და მიუხედავად იმისა, რომ იგებდა უქულოდ დარჩა.
“დილასთვის” პირველი ტაიმი ძალიან ტრავმიანი აღმოჩნდა. 25-ე წუთზე თორნიკე კაპანაძე დაშავდა და თამაზ მაქაცარიამ შეცვალა. პირველი ტაიმის მიწურულს ცოტნე მოსიაშვილმა ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიტანეს. მის მაგივრად თამაშში ბრაზილიელი ტავარეში ჩაერთო. ამას ისიც დაერთო, რომ კარიდან გამოსული დემეტრე ბულისკერია კენიელ მცველ ამოს ნონდის შეეჯახა, რომელმაც ტაიმი კი დაასრულა, მაგრამ შესვენებაზე შეუძლოთ შეიქმნა და ამის გამო, მეორე ტაიმი გვიან დაიწყო. საწყის 45 წუთში ორივე გუნდი უტევდა, მაგრამ ანგარიშის გახსნის რეალური შანსი “დილას” ჰქონდა, როდესაც სენეგალელი ლეგიონერი ონორე გომის სტუმართა საჯარიმოში ვლადიმერ მამუჩაშვილს გასცდა და მის მიერ დარტყმული ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა მაქაცარიამ პასი გააკეთა და ბათუმელმა ფეხბურთელმა ბურთი კინაღამ საკუთარ კარში ჩაჭრა.
53-ე წუთზე ირაკლი აზაროვმა მარცხენა ფრთიდან გადაცემა გორელთა საჯარიმოში მყოფ თორნიკე გაფრინდაშვილს მისცა, რომლის დარტყმის შემდეგ ბურთი “დილას” კაპიტან ნიკა გაგნიძეს შეეხო და კარში აღმოჩნდა – 0:1.
მდევრის როლში ყოფნის მიუხედავად, გორელებს “ყურები არ ჩამოუყრიათ” და 67-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს – ტავარეშმა საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს პასი სტუმართა კართან გააკეთა, სადაც მამუჩაშვილს გომისმა დაასწრო და ერთი შეხებით გაიტანა.
83-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან გომისი გაკეთებული გადაცემის შემდეგ უკრაინელი ცენტრალური მცველი აზაცკი პოზიციურად შეცდა და მაქაცარიამ გამარჯვების გოლი გაიტანა.
შეხვედრის დასრულებას ბევრი არაფერი აკლდა, რომ დენკოვიჩი და ღუდუშაური შეკამათდნენ, რადგან ჩერნოგორიელს წაქცეული გორელი ნახევარმცველი ბურთს არ აძლევდა. ინციდენტში ორივე გუნდის ფეხბურთელები და სამწვრთნელო სტაფის წევრები ჩაერთვნენ და თამაში საკმაო ხნით გაჩერდა. საბოლოოდ, მთავარმა მსაჯმა დავით ხარიტონაშვილმა დენკოვიჩს მეორე “ყვითელი” აჩვენა და გააძევეა, ასევე ღუდუშაური და ანანიძე “გააყვითლა”.
უკრაინელი ანდრე დემჩენკოს შეგირდებმა მეორე მატჩი მოიგეს და 6 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზე არიან, ხოლო ამდენივე ქულით ბათუმელები ლიდერობენ.