“ბათუმმა” ლიდერი 25 ქულით დაამარცხა

0
52

თბილისში 4 მატჩით დაწყებული სუპერლიგის მორიგი ტური ბათუმში დასრულდა. აჭარული გუნდი დაკარგული ქულებით ჩემპიონატის ლიდერ “ქუთაისს” შეხვდა და ბევრისთვის მოულოდნელად დიდი სხვაობით დაამარცხა. მიმდინარე სუპერლიგაში ერთადერთი წაგების მქონე ქუთაისელები ბათუმში უშანსოდ დამარცხდნენ – კოტე ტუღუშის გუნდმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია ცხრილის შუაში მყოფ ზღვისპირელებს და საბოლოოდ 25 ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა – 98:73.
მასპინძელთაგან დიდებულად ითამაშა სოსო გოგნაძემ, რომელსაც ეროვნული ნაკრების 2 წევრთან – აკაკი დვალიშვილთან და გიორგი კორსანტიასთან უწევდა პაექრობა. ბათუმელთა ცენტრმა თამაშიდან ნასროლი 11 ბურთიდან 10 ჩააგდო, რასაც 8-დან 6 საჯარიმო მოაყოლა და შეხვედრა 26 ქულით და 10 მოხსნით დაასრულა. შესანიშნავად გაისარჯა ბათუმელთა ახალწვეული კაილ რიდლი – 22 ქულა და 11 მოხსნა. კიდევ ერთმა ახალწვეულმა – დე ანჯელო სტიუარტმა ბათუმელებს 16 ქულა მიაშველა.
“ქუთაისში” საუკეთესო იყო აკაკი დვალიშვილი, რომელმაც 17 ქულა, 6 მოხსნა და 3 ჩაჭრა მოაგროვა. 17 ქულა მიითვალა სტივენ ფლეჯერმა, ხოლო ადრიან ბოუის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა.

გუნდი მ/წ
1. თსუ 10/2 22
2. ვერა 9/3 21
3. ქუთაისი 9/2 20
4. ოლიმპი 7/5 19
5. ბათუმი 6/6 18
6. რუსთავი 5/7 17
7. მეგა 5/7 17
8. ტიტები 5/6 16
9. ცხუმ-აფხაზეთი 4/8 16
10. კაკტუსი 4/8 16
11. დინამო 1/11 13