კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-2 ტურის ბოლო მატჩი ზესტაფონში გაიმართა, სადაც წყალტუბოს „სამგურალმა“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა. წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე საფარს ცვლიან და გუნდი თავის საშინაო არენას მაისში დაუბრუნდება.
მატჩამდე ფავორიტად „სამგურალი“ მიიჩნეოდა, რომელსაც ზამთარში სათავეში გიორგი მიქაძე ჩაუდგა და გუნდმა შეკრება თურქეთში გაიარა. ამის საპირისპიროდ „ლოკომოტივი“ სეზონის წინ მთავარმა მწვრთნელმა და ფეხბურთელების დიდმა ჯგუფმა დატოვა. საბოლოოდ, „სამგურალმა“ ამ სეზონში პირველი ქულები დაძაბულ ორთაბრძოლაში აიღო.
38-ე წუთზე „ლოკომოტივის“ კონტრშეტევის დროს ბექა დარცმელიამ კარგი პასი მისცა შოთა შეყილაძეს, რომელმაც სისწრაფეში ლევან ქურდაძეს აჯობა და საჯარიმოში შესულმა „ცხრიანში“ ზუსტად დაარტყა – 0:1.
72-ე წუთზე ნიკა კალანდარიშვილი მარცხნიდან მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ზურაბ ზოსიაშვილთა ორთაბრძოლაში წაიქცა. მთავარმა მსაჯმა ავაზაშვილმა მიიჩნია, რომ „ლოკომოტივის“ მოთამაშემ თამაშის წესი დაარღვია და საკმაოდ საკამათო პენალტი დანიშნა, რომელიც ირაკლი რუხაძემ გამოიყენა.
78-ე წუთზე დემურ ჩიხლაძემ საჯარიმოს გარედან დაარტყა და ბურთი თბილისელთა მცველს მოხვდა, რის შემდეგ ისევ წყალტუბოელ ნახევარმცველს მიუვიდა, რომელმაც ამჯერად საჯარიმოში მყოფმა მეტოქის კარი აიღო. ჩიხლაძემ თავი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა.
86-ე წუთზე რუხაძემ მარცხენა ფლანგიდან საუცხოო რეიდი განახორციელა, გზად ოთხ მეტოქის გვერდი აუარა და მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში გაიტანა. რუხაძემ, რომელიც “საბურთალოს” აღზრდილია და კარიერის უმეტესი ნაწილი “თელავში” გაატარა, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი დუბლი მიითვალა.
განვლილ შეხვედრას საქართველსო ეროვნული ნაკრების ფრანგი მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი და მისი თანაშემწე ზურაბ ხიზანიშვილი დაესწრნენ.





