“სამეფო თასის” ფინალი შერმადინის და მაკფადენის გარეშე…

0
63

სენსაცია არ მოხდა – გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” და თად მაკფადენის “მურსიამ” ესპანური გრანდები – შესაბამისად “რეალი” და “ბარსელონა” ვერ დაამარცხეს და თასის ფინალში ვერ გავიდნენ. სამეფო თასის გათამაშების ნახევარფინალში ტენერიფელები “რეალთან” 74:94 დამარცხდა, ხოლო “მურსიამ” “ბარსელონასთან” შეხვედრა 90:103 დათმო.
საქართველოს ნაკრების ორივე წევრი თავის გუნდში გამორჩეული იყო. შერმადინმა ტენერიფელთა შორის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა: 15 წუთი, 14 ქულა (6/5 ორქულიანი, 4/4 საჯარიმო), 2 მოხსნა. მატჩის სნაიპერი „რეალის“ ცენტრი ედი ტავარეში გახდა – 15 ქულა ჩააგდო.
რაც შეეხება თად მაკფადენს, მურსიას ქართულპასპორტიანმა ამერიკელმა უკანახაზელმა 22:40 წუთში 18 ქულა, 2 პასი და 2 მოხსნა მიითვალა. როგორც ნახევარფინალში “ვალენსიასთან”, მაკფადენმა ამჯერადაც 5 სამქულიანი ჩააგდო. მისი სროლის სტატისტიკა ასეთია: ოთხიდან ერთი ორქულიანი, 9-დან 5 სამიანი და ერთი საჯარიმო.
შერმადინიც და მაკფადენიც თბილისში გამოემგზავრნენ და 21 თებერვლიდან საქართველოს ნაკრებს შეუერთდებიან. შეგახსენებთ, ჩვენი ეროვნული გუნდი მსოფლიოს 2023 წლის საკვალიფიკაციო ტურნირში ჩრდილოეთ მაკედონიას 24 თებერვალს თბილისში, ხოლო 27-ში სკოპიეში დაუპირისპირდება.