ლუკა გუგეშაშვილმა აგდამის “ყარაბაღის” მაისურით ევროთასებზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. აზერბაიჯანული კლუბი კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში მოსახვედრი პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში სტუმრად “მარსელს” შეხვდა და 1:3 დამარცხდა.
ქართველი მეკარე სტუმართა სასტარტოში იყო და შეუცვლელად ითამაშა. “მარსელმა” ანგარიში 41-ე წუთზე პოლონეთის ნაკრების ფორვარდის არკადიუშ მილიკის დარტყმის შემდეგ გახსნა- ამ ეპიზოდში მარსელებმა კუთხური ჩააწოდეს და გუგეშაშვილი გამოსვლაზე აშკარად შეცდა. სამ წუთში იმავე მილიკმა დუბლი შეასრულა და ფრანგებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. 85-ე წუთზე “ყარაბაღიდან” თავი კადუმ გამოიჩინა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე დიმიტრი პაიემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მესამე გოლის დროსაც როდესაც დიენგი პასს პაიეეს უკეთებდა ქართველმა გოლკიპერმა გამოსვლაზე ისევ ცუდად ითამაშა. ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 24 თებერვალს ბაქოში ჩატარდება. წყვილში გამარჯვებული კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში ითამაშებს.





