პსჟ-მ მბაპეს შედევრით მოიგო, „სიტიმ“ ლისაბონში გაილაღა

0
59

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის ყველაზე საინტერესო წყვილის პირველ შეხვედრაში პსჟ-მ მადრიდის „რეალი“ მიიღო და ბოლო წუთზე მბაპეს შედევრით მოიგო. პარიზელები უპირატესობას თავიდანვე დაუფლნენ და თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს. ამას თუნდაც სტატისტიკა მოწმობს – არგენტინელი მაურისიო პოჩეტინოს ფეხბურთელებმა მეტოქის კარის მიმართულებით 22-ჯერ დაარტყეს და ბურთი ჩარჩოში 8-ჯერ მოხვდა, როდესაც იტალიელი კარლო ანჩელოტის გაწვრთნილებმა პარიზელების კარის მისამართით ბურთი 3-ჯერ გაგზავნეს. მასპინძლებში ყველაზე აქტიური კილიანმ მბაპე იყო, რომელიც საბოლოოდ მატჩის გმირი გახდა.
62-ე წუთზე მბაპე ესპანელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და კარვახალმა წესის დარღვევით შეაჩერა, რის გამო, მსაჯმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი ლეო მესიმ შეასრულა და კურტუამ ბურთი ნახტომში მოიგერია. მესიმ კარიერაში პირველად „სამეფი კლუბს“ პენალტი ვერ გაუტანა- „ბარსელონაში“ მან თავისი შანსი 6-ჯერ გამოიყენა. მესის მადრიდელთა კარი 2018 წლის შემდეგ ზედიზედ 8 შეხვედრაში არ აუღია. თავის მხრივ კურტუამ ზედიზედ მესამე თერთმეტმეტრიანი მოიგერია.
„რეალის“ ბელგიელმა მეკარემ თავისი გუნდი გოლის გაშვებისგან მბაპეს ძალიან სახიფათო დარტყმის შემდეგაც იხსნა. თუმცა, ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4  წუთზე ვერაფერი გააწყო საფრანგეთის ნაკრების ფორვარდთან, რომელიც „რეალის“ საჯარიმოში ბურთიანად მარცხნიდან შეიჭრა, ცრუ მოძრაობით ლუკას ვასკესი და მილიტაო სახტად დატოვა, რასაც ზუსტი დარტყმა მიაყოლა. „რეალმა“ ბოლო 5 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო. ქარიმ ბენზემამ მადრიდელთა მაისურით ჩემპიონთა ლიგაში 140-ე მატჩი ჩაატარა და ფრანგ ფეხბურთელებს შორის ტიერი ანრის რეკორდი გაიმეორა. ის ნახსენებ ტურნირში „რეალის“ სასტარტოში 100-ჯერ მოხვდა, ისევე როგორც კრიშტიანუ რონალდუ.
პარალელურად გამართულ თამაშში „მანჩესტერ სიტიმ“ ლისაბონში ადგილობრივი „სპორტინგი“ 5:0 გაანადგურა – ბერნარდო სილვა დუბლი შეასრულა, ხოლო თითო გოლი რიად მაჰრეზმა, ფილ ფოდენმა და რაჰიმ სტერლინგმა გაიტანეს. პეპ გვარდიოლას „სიტიმ“ პირველი ტაიმი 4:0 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც პლეი-ოფში სტუმრად შესვენებამდე მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა. მანჩესტერელთა გარემარბმა რიად მაჰრეზმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში 17 გოლი გაიტანა და პრემიერ ლიგის მოთამაშეებიდან მხოლოდ „ლივერპულის“ ფორვარდ ეგვიპტელ მოჰამედ სალაჰს ჩამორჩება. ის ჩემპიონთა ლიგაში მანჩესტერელთა საუკეთესო ბომბარდირია. „სიტიმ“ ბოლო 13 მატჩიდან 12 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა – 42 გოლი გაიტანა და 7 გაუშვა.