დიბალა „რომაში“ დარჩა

0
2

პაულო დიბალა კარიერას ისევ „რომაში“ განაგრძობს, რის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანი იუწყება.
32 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა რომაელებთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მას კლუბთან ხელშეკრულება ივნისის ბოლოს ამოეწურა და 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი იყო. ახალი კონტრაქტის მიხედვით სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი ხელფასად წელიწადში სამ მილიონ ევროს მიიღებს.
დიბალას და კლუბს შორის მოლაპარაკება მარტივი არ ყოფილა, რადგან არგენტინელი უფრო ხანგრძლივ კონტრაქტს ითხოვდა. მით უმეტეს, რომ მას „ბოკა ხუნიორსი“ ეპატიჟებოდა. მის დარჩენაში გადამწყვეტი როლი „რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ შეასრულა, რომელიც დიბალაში გუნდის ერთ-ერთ ლიდერს ხედავს.
დიბალა „რომაში“ 2022 წლიდან თამაშობდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 140 მატჩში 45 გოლი გაიტანა. მან კარიერის საუკეთესო პერიოდი ტურინის „იუვენტუსში“ გაატარა, სადაც 2015 წლის ზაფხულში „პალერმოდან“ გადავიდა და 293 შეხვედრაში 115 ბურთი შეაგდო.
ლაშა თაბაგარი