იმედა აშორტია: “თელავის” მიმართ ჩემი დამოკიდებულება არასოდეს შეცვლილა”

0
63

იმედა აშორტიასთვის “თელავის” მიმართ დამოკიდებულებამ მაშინაც არ შეუცვლია, როდესაც გარკვეული პერიოდი განმავლობაში კახურ გუნდში არ გამოდიოდა. 25 წლის თავდამსხმელმა ამის შესახებ თელაველთა პრესსამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.
-იმედა, ჩვენი კლუბის ხანმოკლე ისტორიაში თქვენი ადგილი უკვე გიკავიათ – პირველივე სეზონში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი და გულშემატკივართა რჩეული გახდით…
-ეგ დრო, მართლაც კარგად მახსენდება და ყოველთვის სასიამოვნო ემოციებს იწვევს ჩემში. მაშინ “თელავი” პირველ ნაბიჯებს დგამდა და მიხარია, რომ გუნდის იმდროინდელ წარმატებაში ჩემი მოკრძალებული წვლილიც შევიტანე – ბომბარდირი და გულშემატკივრების რჩეული გავხდი.
-მერე იყო ხანმოკლე განშორება, თუმცა შარშანდელი სეზონიდან ისევ ჩვენთან ხართ…
-მართალია, მერე გუნდი შევიცვალე და კარიერაც სხვაგან გავაგრძელე, თუმცა “თელავის” მიმართ ჩემი დამოკიდებულება არასდროს შეცვლილა – ყოველთვის ვინარჩუნებდი გუნდთან ახლო ურთიერთობას და დიახ, შარშან, სეზონის დასაწყისში გუნდში დავბრუნდი. ამისთვის კი დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გუნდის ხელმძღვანელობას და კეროდ, სოსო გრიშიკაშვილს.
-ახალი სეზონისთვის გუნდი თავდაუზოგავად ვარჯიშობს, მაქსიმალურად იხარჯებით… 
-ახალ სეზონს რაც შეეხება, გუნდში ბევრი ცვლილებებია, ახალი მთავარი მწვრთნელი, ახალი სამწვრთნელო შტაბი და რა თქმა უნდა, ახალი ფეხბურთელები. ვარჯიშები საკმაოდ დატვირთულია და მთავარი ყურადღება ფიზიკური კონდიციების ამაღლებას ეთმობა.
-ჩემპიონატის დაწყებას “თელავის” გულშემატკივრებიც მოუთმენლად ელიან..
-თელავის” გულშემატკივრები ცალკე საკითხია. მინდა აღვნიშნო, რომ ისინი ერთგულებით გამოირჩევიან და როგორც წარმატების დროს, ასევე რთულ სიტუაციაში გუნდს გვერდში უდგანან. ამიტომაცაა, თელავში თამაში ყველა გუნდისთვის რთული – მართალია, წელს, ასე ვთქვათ, ახალი გუნდი ვართ, მაგრამ ერთში დარწმუნებული ვარ, როგორც აქამდე იყო, “თელავი” ახლაც ბრძოლისუნარიანი და ანგარიშგასაწევი იქნება