გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში განაგრძობს. “გენტმა” 22 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ტიტულიან კლუბ “ჰამბურგში” გაანათხოვრა.
ჩაკვეტაძემ ჰამბურგელებთან კონტრაქტის 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. მას ბელგიელებთან მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფულამდე აკავშირებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი “გენტში” 2017 წლის აგვისტოში თბილისის “დინამოდამ” გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 66 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.
“ბედნიერი ვარ, რომ “ჰამბურგში” ვითამაშებ. კლუბის ხელმძღვანელობასთან საუბრის შემდეგ კარგი მოლოდინი გამიჩნდა. იმედი მაქვს, რომ ადაპტაციას რაც შეიძლება მალე გავივლი და ჩემს თანაგუნდელებს მოედანზე დავეხმარები” – თქვა ჩაკვეტაძემ კონტრაქტის გაფორმების მერე.
“ჩაკვეტაძე მოქნილი, შემტევი ფეხბურთელია, ტექნიკური და მეტოქის კართან სახიფათო. გიორგის საფეხბურთო გზას უკვე კარგა ხანია ვაკვირდებით. მისი მეშვეობით საიერიშო პოტენციალს გავაფართოებთ” – განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ მუტცელმა ნახევარმცველზე.
ჩაკვეტაძის დებიუტი ახალ გუნდში დღეს დანიის “მიდტიულანდთან” გამართულ ამხანაგურ მატჩში შედგა, როდესაც თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. დანიელებმა შეხვედრა 5:1 მოიგეს.
“ჰამბურგს” 34 ქულა აქვს და მეორე ბუნდესლიგაში მე-5 ადგილზეა. გუნდი ბუნდესლიგიდან 2017-2018 წლების სეზონში გავარდა. არადა, “ჰამბურგი” ერთადერთი იყო, რომელიც ბუნდესლიგის შექმნის პირველი დღიდან ტურნირში თამაშობდა და მანადე, არასოდეს გავარდნილა.
“ჰამბურგი” გერმანიის ექვსგზის ჩემპიონია, თასსს სამჯერ ფლობდა, ხოლო თითოჯერ ჩემპიონთა თასი და თასების მფლობელთა თასი მოიგო.









