საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალშია. ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა აზერბაიჯანის ნაკრების შემდეგ ბოსნია-ჰერცეგოვინაც დაამარცხეს და კონტინენტის საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვდნენ.
D ჯგუფის მეორე ტურის მეორე მატჩი ესპანეთის და აზერბაიჯანის ნაკრებებს შორის ფრედ, 2:2 დასრულდა. შედეგად, საქართველოს ნაკრები ჯგუფს ერთპიროვნულად, 6 ქულით ლიდერობს.
1/4-ფინალში საქართველოს ნაკრები С ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელს, გამარჯვებულს ან მეორე ადგილზე გასულ გუნდს დაუპირისპირდება. ორი ტურის შემდეგ ხსენებულ ჯგუფს 6 ქულით რუსეთი ლიდერობს. მეორე ადგილზე ხორვატიის ნაკრებია 3 ქულით, ხოლო პოლონეთსა და სლოვაკეთს თითო ქულა აქვს.
ზვიად კუპატაძე (საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანი): „მეტოქე სანახაობრივ ფეხბურთს არ თამაშობს, თუმცა შედეგზე ორიენტირებული, ფიზიკურად ძლიერი გუნდია. სწორედ ისეთი თამაში შემოგვთავაზეს, როგორსაც ველოდით. თუმცა, უფრო ძლიერი გუნდი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. როგორც ჩანს, მეკარეს ცოტა ეშინოდა, რადგან მისთვის ორი გოლი მაქვს გატანილი და თამამად ვერ ერთვებოდა შეტევაში.
მებრძოლი გუნდი ვართ და ასეა 2016 წლიდან. ყოველთვის პირველიდან ბოლო წუთამდე ვიბრძოდით და სწორედ ამის გამო შეგვიყვარა გულშემატკივარმა. ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა რაც შეიძლება შორს გავიდეთ. ესპანეთის ნაკრებს კარგად ვიცნობთ. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე ძალიან გაუჭირდათ ჩვენი დამარცხება. ასე რომ, არაფერს დავთმობთ და ყველა გუნდთან მოსაგებად გავალთ”.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით, მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები 29 იანვარს, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.




