საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/4-ფინალშია. ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა აზერბაიჯანის ნაკრების შემდეგ ბოსნია-ჰერცეგოვინაც დაამარცხეს და კონტინენტის საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვდნენ.
D ჯგუფის მეორე ტურის მეორე მატჩი ესპანეთის და აზერბაიჯანის ნაკრებებს შორის ფრედ, 2:2 დასრულდა. შედეგად, საქართველოს ნაკრები ჯგუფს ერთპიროვნულად, 6 ქულით ლიდერობს.
1/4-ფინალში საქართველოს ნაკრები С ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელს, გამარჯვებულს ან მეორე ადგილზე გასულ გუნდს დაუპირისპირდება. ორი ტურის შემდეგ ხსენებულ ჯგუფს 6 ქულით რუსეთი ლიდერობს. მეორე ადგილზე ხორვატიის ნაკრებია 3 ქულით, ხოლო პოლონეთსა და სლოვაკეთს თითო ქულა აქვს.
ავთანდილ ასათიანი:“ორი თამაში შემოვატრიალეთ და ეს ქართული ხასიათის დამსახურებაა. ყოველთვის გვჯერა, რომ ნებისმიერი თამაშის გადარჩენაა შესაძლებელი. ამხანაგური თამაშები ზუსტად ამისთვის არის საჭირო. რუმინეთთან ზუსტად იგივე სურათი იყო, როდესაც 0:3-დან შევძელით თამაშის შემოტრიალება. ეს კიდევ უფრო დიდ რწმენას გაძლევს, რომ შეგიძლია თამაშის გადარჩენა, რა ანგარიშითაც არ უნდა აგებდე. ელისანდრო ძალიან დაგვაკლდა. ჩანდა, რომ მასზე დიდი აქცენტი ჰქონდათ გადატანილი. ძალიან სწრაფად მიიღო ტრავმა. ისეთი დონის ფორვარდია, დარწმუნებული ვარ, თავის სიტყვას აუცილებლად იტყოდა. მისი გასვლის შემდეგ, სხვა სქემაზე გადავეწყვეთ და ამან გაამართლა. ძალიან კარგია, რომ ერთ მოთამაშეზე დამოკიდებული გუნდი არ ვართ. ელისანდროს მდგომარეობის შესახებ მეტი ექიმებთან საუბრის შემდეგ გვეცოდინება. აქამდე მთელი კონცენტრაცია ბოსნია-ჰერცეგოვინაზე გვქონდა. როგორც კი ეს ემოციები ჩაცხრება, შევუდგებით ესპანეთთან მატჩისთვის მზადებას”.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით, მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები 29 იანვარს, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.
