ქორქია-საკანდელიძეს მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

0
51

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას ხსოვნის ტურნირზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ. პლეი ოფში გასულ “მეგას” “ბათუმი”, “ვერა” და “ქუთაისი” – ამ თანმიმდევრობით შეუერთდნენ.
C ჯგუფი რუსთავი- ვერა 85:91 (სტატისტიკა+სრული ვიდეო)
დიდი ბრძოლა გაიმართა “ვერასა” და “რუსთავს” შორის. ამ გუნდებს ჯგუფის პირველი მატჩები მოგებული ჰქონდათ და პირველ ადგილზე გამსვლელის ვინაობა პირად შეხვედრაში უნდა გაერკვიათ. მატჩი ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა, რომელიც ვერელების გამარჯვებით დასრულდა.
უხვქულიანი შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. ხან ერთი გუნდი გაიჭრებოდა წინ, ხანაც – მეორე. გუნდები პერიოდებს მონაცვლეობით, დამაჯერებლად იგებდნენ, თუმცა ჯამში ვერელებმა იძალეს. პირველი ათწუთეული რუსთაველებმა 29:21 მოიგეს, მომდევნო პერიოდი კი ვერელების უპირატესობით – 32:20 დასრულდა, რის შემდეგაც ისევ ქვემოქართლელთა ჯერი დადგა: 26:12 და ანატოლი ბოისას გაწვრთნილი გუნდი ბოლო პერიოდის დასაწყისში 14 ქულით – 79:65.
შესაძლოა, აქ რომელიმე გუნდს ფარ-ხმალი დაეყარა, მაგრამ არა “ვერას”. ეს გუნდი ცნობილია თავისი ბრძოლისუნარიანობით და ეს თვისება კიდევ ერთხელ გამოავლინეს. დარჩენილ 8 წუთში ვერელებმა დარელ ბრაუნის წინამძღოლობით მოახერხეს ჩამორჩენის გაბათილებაც და წინ გასვლაც. აღსანიშნავია ახალგაზრდა ბორის თორთლაძისა და ამერიკელი სნაიპერის – ზაკ სელიასის შედეგიანი თამაში გადამწყვეტ წუთებში, რამაც ის შედეგი გამოიღო, რომ “ვერამ” გამარჯვება და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
გამარჯვებულებს 31 ქულით, 16 მოხსნითა და 6 პასით ზაკ ელიასმა ულიდერა. 30 ქულა, 6 პასი და 5 ჩაჭრა დარელ ბრაუნმა მიითვალა, ხოლო გიორგი ბიგანაშვილმა და გიორგი გოგუამ შეხვედრა 10-10 ქულით დაასრულეს. “რუსთავში” 19 ქულითა და 21 მოხსნით საუკეთესო იყო რაჰიმ ჯონსონი, 19 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი კრისტიან კილინგმა დააგროვა.
“ვერა” ნახევარფინალში “მეგას” დაუპირისპირდება. შეხვედრა 23 იანვარს, ოლიმპიურ სასახლეში, 15:30 საათზე გაიმართება.