სუპერლიგის დებიუტანტი “მეგა”, რომელიც შარშან “ა” ლიგაში თამაშობდა, ფინალში გავიდა. ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას ხსოვნის ტურნირის ნახევარფინალურ მატჩში ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მემორიალის შარშანდელი ფინალისტი “ვერა” დაამარცხა და ქუთაისში, ისტორიაში პირველი ტიტულის მოსაგებად ითამაშებს.
რაც შეეხება ნახევარფინალურ მატჩს, ძალიან დაძაბული გამოდგა, რომლის ბედიც ბოლო წუთებზე გადაწყდა. ორივე გუნდი დანაკლისით თამაშობდა, თუმცა “ვერას” 2 სასტარტო ხუთეულის მოთამაშე – ვახტანგ ქადარია და თაჩ უნრუჰი აკლდა. ამის მიუხედავად, დავით გასიტაშვილის გაწვრთნილი ვერელები დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ.
თამაშის უმეტეს დროს ვერა იყო წინ. ბოლო პერიოდის წინ გასიტაშვილის გუნდი 79:70 ლიდერობდა, თუმცა მეგამ ბოლო ათწუთეულში დიდებულად ითამაშა. დასრულებამდე 2 წუთით ადრე ვერელები 5 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა დარელ ბრაუნმა და ზაკ სელიასმა გათანაბრება მოახერხეს – 96:96. ბოლო წუთზე კი მეგას ლეგიონერებმა იყოჩაღეს. ჯიმონ ჰენსონმა სამქულიანი ჩააგდო, რის შემდეგაც დემონტე ფლანიგანმა ვერელებს ჩაუჭრა და ორქულიანი გარღვევით თავისიანებს გამარჯვება დაუბევა.
საუკეთესო 29 ქულით და 5 პასით ჯიმონ ჰენსონი გახდა. ფლანიგანის ანგარიშზე 22 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი დაგროვდა. შედეგიანობით გამოირჩა ოთარ ბულიავა – 16 ქულა, 12 მოხსნა, 7 პასი. აღსანიშნავია ახალგაზრდა გიორგი კობახიძის კარგი თამაში, რომელმაც 5 სამქულიანი ჩააგდო და თავისიანების გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო. “ვერაში” 35 ქულითა და 11 მოხსნით ზაკ სელიასი გამოირჩა, 30 ქულა დარელ ბრაუნის ანგარიშზეა.
ნახევარფინალი მეგა – ვერა 106:99 (სტატისტიკა+სრული ვიდეო)
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის მეორე ფინალისტი ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული “ქუთაისი” გავიდა. იმერულმა კლუბმა ნახევარფინალში დამაჯერებლად – 93:63 დაამარცხა “ბათუმი” და ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების სახელობის ტიტულს დაიცავს.
ქუთაისელებს მხოლოდ პირველ პერიოდში გაუჭირდათ. მართალია, საწყისი პერიოდიც მოიგეს, თუმცა “ბათუმი” სოლიდურ წინააღმდეგობას უწევდა და პირველ 2-წუთიან შესვენებაზე სხვაობა მხოლოდ 2 ქულა იყო. მეორე პერიოდიდან კი იმერულმა კლუბმა თამაშზე სრული კონტროლი დაამყარა. სადავეებს დაეპატრონა და უპირატესობა ანგარიშშიც ასახა. ათწუთეული ქუთაისელებმა 26:17 მოიგეს და დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ.
ბათუმელებს სურდათ, თამაშში გარდატეხა შეეტანათ, მაგრამ ქუთაისელთა გონივრული თამაშის გამო ეს ვერ შეძლეს. რაც დრო გადიოდა, იმერული გუნდი უპირატესობას ზრდიდა და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ტუღუშის გუნდმა 30 ქულის სხვაობით იმარჯვა. ქუთაისელთაგან საუკეთესო შედეგი აკაკი დვალიშვილმა დააფიქსირა – 17 ქულა, 13 მოხსნა. ბომბარდირი სტივენ ფლეჯერი გახდა 18 ქულით. 10 ქულა და 14 მოხსნა გიორგი კორსანტიამ მოაგროვა. ბათუმელთაგან 20 ქულით საუკეთესო იყო ბექა ბექაური. 15 ქულა რევაზ ჩაჩანიძის ანგარიშზეა.
ნახევარფინალი ქუთაისი – ბათუმი 93:63 (სტატისტიკა+სრული ვიდეო)
ფინალური შეხვედრა ქუთაისის ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეში 25 იანვარს, 15:00 საათზე გაიმართება.





