გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ განაცხადში მიმდინარე სეზონში პირველად ვერ მოხვდა. ესპანური მედიის ინფორმაციით, ვალენსიელთა მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე მადრიდში „ატლეტიკოსთან“ სათამაშოდ ზედმეტი წონა გამო არ წაიყვანა. არადა, „ღამურების“ ძირითადი გოლკიპერი იესპერ სილესენი ტრავმირებულია და კარში ადგილი ხაუმე დომენეკს ანდეს. ბორდალასი ანალოგიურად “კარტახენასთან” შეხვედრის წინ ტიერი რენდალს, ხოლო “სევილიასთან” დაპირისპირებამდე მაქსი გომესს მოექცა. მან უკვე ერთი კვირაა გუნდში დისციპლინა გაამკაცრა, რადგან იმედგაცრუებილია, რომ ფეხბურთელები დადგენილ ნორმაზე მეტს იწონიან.
განვლილი შეხვედრის 25-ე წუთზე სტუმრები მუსამ დააწინაურა, ხოლო 44-ე წუთზე მადრიდელთა კარი უგო დურომ აიღო. 64-ე წუთზე მატეუშ კუნიამ ანგარიში შეამცირა. ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე ანხელ კორეამ თანაფარდობა აღადგინა, ორ წუთში კი „ატლეტიკოს“ ერმოსომ მოაგებინა.
