თურქეთის ქალაქ ანთალიაში შეკრებაზე მყოფმა ბათუმის „დინამომ“ მეორე ამხანაგური მატჩი პოლონეთის „რაკუვთან“ ჩაატარა, სადაც ვაკო გვილია გამოდის. დაპირისპირება უხვგოლიანი აღმოჩნდა და საბოლოოდ ფრედ დასრულდა – 3:3.
შეხვედრის მე-12 წუთზე ბათუმელები თორნიკე გაფრინდაშვილმა დააწინაურა, რომელმაც კონტრშეტევის დროს საჯარიმოს ფარგლებს გარედან ძლიერად დაარტყა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. მან მსგავსი გოლი პირველ საკონტროლო შეხვედრაში პოზნანის „ლეხთან“ (2:1) გაიტანა და გია გეგუჩაძის გუნდს მოაგებინა.
მე-20 წუთზე გუტკოვსკისმა, რომელიც ლაზარე კუპატაძემ პარტნიორის ცუდი პასის შემდეგ საჯარიმოში წააქცია პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 10 წუთში ლედერმანმა შორი მანძილიდან დარტყმით „რაკუვი“ წინ გაიყვანა. 34-ე წუთზე ბათუმელთა ნიგერიელი ლეგიონერის ბენჟამენ ტეიდის დარტყმის მერე თანაფარდობა აღდგა, როდესაც კუთხურის ჩაწოდების შემდეგ “რაკუვის” მცველები თავის საჯარიმოში შეცდნენ.
57-ე წუთზე საპალამ დაახლოებით 23 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი მას მერე რაც “ცოცხალ კედელში” მდგომ ფეხბურთელს შეეხო კარში აღმოჩნდა. 83-ე წუთზე “დინამოს” მორიგი კონტრშეტევის დროს გაფრინდაშვილმა დაარტყა და ბურთი მეტოქის საჯარიმოში მყოფ მის თანაგუნდელს მოხვდა, რის შემდეგ კარის ხაზი გადაკვეთა. გვილია „რაკუვის“ განაცხადში არ იყო.
დინამო (ბთ) (სასტარტო): კუპატაძე, აზაროვი, მარგველაშვილი, აზაცკი, ჩაბრაძე, ალთუნაშვილი, ტეიდი, გაფრინდაშვილი, დენკოვიჩი, ჯიღაური, ფანცულაია.
შეცვლაზე შევიდნენ: ალავიძე, რეხვიაშვილი, რადინი, ფლამარიონი
