აპოელმა, რომელშიც სამი ქართველი ფეხბურთელი გამოდის კვიპროსის ჩემპიონატში წაუგებელი მატჩების სერია თერთმეტამდე გაზარდა. მე-18 ტურში ნიქოზიელები სახლში „არისს“ შეხვდნენ და ქულა მატჩის მიწურულს გადაარჩინეს. პირველი ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ანგარიში სტუმრებიდან შევიმ გახსნა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-6 წუთზე ოქრიაშვილმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი მეტოქის კართან ჩაკიდა, სადაც ყველას ვინიუსმა აჯობა და თავით გაიტანა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო. მისგან განსხვავებით მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში იყო ფორვარდი გიორგი ქვილითაია, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. ბუბა დაუშვილი აპოელის განაცხადში დისკვალიფიკაციის გამო ვერ მოხვდა.
