ლობჟანიძის პირველი დუბლი თურქეთში – ქართველმა “გალათასარაისთან” გაიბრწყინა

0
45

საბა ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში სტამბოლის “გალათასარაის” კიდევ გაუტანა და ამჯერად ერთი გოლით არ შემოიფარგლა. თუ პირველ წრეში საქართველოს ნაკრების გარემარბის მიერ გატანილი ბურთი თუნდაც ქულის ასაღებად არასაკმარისი აღმოჩნდა, ამჯერად, მისმა დუბლმა “ჰათაისფორს” 3 ქულა მოაპოვებინა.
თურქეთის სუპერლიგის 21-ე ტურში ჰათაელებმა “გალათასარაის” უმასპინძლეს და 3:2 გაიმარჯვეს. სტუმრები 23-ე წუთზე კილინჩმა დააწინაურა, ხოლო დიუფმა 43-ე წუთზე პენალტიდან საპასუხო ბურთი გაიტანა. პირველი ტაიმისთვუს დამატებულ მე-8 წუთზე აკტოკორღლუმ სტუმრები ისევ დააწინაურა. 62-ე წუთზე კამარამ ანგარიში გაათანაბრა. 79-ე წუთზე ლობჟანიძემ “ჰათაისფორი” დააწინაურა, როდესაც კონტრშეტევის დროს ბურთი მეტოქის ნახევარზე მიიღო და საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ახლო კუთხეში ზუსტად დაარტყა. ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე “ჰათაისფორის” კიდევ ერთი კონტრიერიშისას მან თითქმის მოედნის ცენტრიდან ბურთიანად ირბინა და საჯარიმოში ამჯერად მარცხნიდან შესულმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მან “ჰათაისფორის” შემადგენლობაში და თურქულ სუპერლიგაში ასპარეზობის პერიოდში პირველი დუბლი გაიფორმა.
ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში თურქეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 21 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. “ჰათაისფორი” 35 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.