“საბურთალომ” წლეულს რამდენიმე გამოცდილი და კვალიფიციური ფეხბურთელი დაიმატა. ერთ-ერთი მათგანი დღეს ჩვენი რესპოდენტია – “ლოკომოტივის” ყოფილი კაპიტანი, ახლა კი უკვე “საბურთალოს” ფეხბურთელი დავით უბილავა, რომელიც დედაქალაქურ კლუბში სხვადასხვა ტიტულების მოგებას გეგმავს. ამპლუით მცველთან საუბარი პირველი შთაბეჭდილებით დავიწყეთ:
– რა თქმა უნდა, “საბურთალოს” ვიცნობდი. მართალია, ასე ახლოს არა, მაგრამ მეგობრები მყავს და უცხო გარემოში არ მოვხვედრილვარ. ძალიან თბილად დამხვდნენ, რაც სასიამოვნოა. კარგად ვიცნობ “საბურთალოს” მთავარ მწვრთნელს, რომელთან ერთადაც მიმუშავია. მეგობრული და შეკრული კლუბია, რაც წინსვლისთვის და წარმატებებისთვის აუცილებელია.
– “ლოკომოტივის” კაპიტანი იყავით, ალბათ სხვა შეთავაზებებიც გექნებოდათ. რა იყო პირველი, რაზეც არჩევანი “საბურთალოზე” გააკეთეთ?
– მთავარი მწვრთნელის, ლევან კორღალიძის ფაქტორი – ვიცი მისი ხედვა და მიდგომა ფეხბურთისადმი. ასევე კლუბი – “საბურთალო” ვითარდება, წინ მიიწევს, მაღალი მიზნები და გეგმები აქვს. მინდა, ამ წინსვლაში ჩემი წვლილიც შევიტანო.
– წლეულს “საბურთალოსგან” რა მოლოდინი გაქვთ?
– წინა წელზე უკეთესი შედეგი უნდა იყოს, ამის შესაძლებლობა გუნდს ნამდვილად გააჩნია. კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კლუბია, დიდი კონკურენციაა და მჯერა, წინსვლა იქნება. მინდა, “საბურთალოსთან” ერთად წარმატებებს მივაღწიო, როგორც საქართველოში, ასევე ევროტურნირებზე. კონფერენს ლიგაზე შეგვიძლია რამდენიმე ეტაპის გადალახვა და შორს წასვლა. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ასევე, კარსაა მომდგარი სუპერთასის მატჩი. შეგვიძლია, რომ მოვიგოთ ხსენებული გათამაშება. გამოვალთ მინდორზე და ბოლომდე ვიბრძოლებთ. გვინდა სეზონი კარგი განწყობითა და გამარჯვებით დავიწყოთ.
– დამატებითი მოტივაცია გექნებათ, რადგან პირველი ქართული ტიტულის მოლოდინში ხართ…
– ძალიან შემართებით ვარ და მოტივირებული! მსურს, ეს დღე მალე მოვიდეს. უნდა მოვიგოთ, სხვა შედეგი არც განიხილება!
– “ლოკომოტივში” გუნდის კაპიტანი იყავით, კაპიტნები კი კლუბში გარკვეული დამსახურებების შემდეგ ხდებიან. თქვენთვის, კიდევ უფრო რთული იქნებოდა “ლოკოსთან” განშორება…
– კარიერის დიდი ნაწილი, სწორედ “ლოკომოტივში” გავატარე, იქ გავიზარდე და ჩამოვყალიბდი ფეხბურთელად. საწყენია, რომ კლუბის ძირითადმა ბირთვმა დატოვა გუნდი, მაგრამ უკეთესის იმედი ყოველთვის მაქვს. მინდა “ლოკოს” მომავალში წარმატებები და წინსვლა ვუსურვო.
– საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელი ხართ – კარიერაში 226 ოფიციალური მატჩი ჩაატარეთ. როგორ გაიხსენებთ განვლილ გზას?
– თამაშების საკმაო გამოცდილება დამიგროვდა, 226 მატჩი მართლაც არაა პატარა ციფრი. იყო კარგი დროც, რთულიც, იყო ტრავმებიც, ასევე სიხარულიც. არასდროს დამავიწყდება ორი წლის წინ ევროტურნირებზე გამარჯვებები, ძალიან დიდი ემოციები და სიხარული იყო, ყველანი ბედნიერები ვიყავით.
ახლა, ახალი გამოწვევები იწყება ჩემს ცხოვრებაში. მინდა, ბევრი კარგი მოგონებები უკვე “საბურთალოსთან” მაკავშირებდეს. მე, მაქსიმალურად დავიხარჯები და წინსვლისთვის ყველაფერს გავიღებ.
– მიუხედავად იმისა, რომ ამპულით მცველი ხართ, კარიერაში რამდენიმე გოლი გაქვთ გატანილი. ერთ-ერთი “საბურთალოს” კარში. თუ გახსოვთ ის მატჩი?
– 2015 წელი იყო, “ლოკომოტივის” ცენტრალურ სტადიონზე ვითამაშეთ. “საბურთალოს” კარს ბექა ქურდაძე იცავდა. კარიდან ცოტათი წინ იყო გამოსული, ბურთი მივიღე და კარში დავარტყი. იმ შეხვედრაში გავხსენი ანგარიში. დაძაბული და სანახაობრივი მატჩი გამოდგა, საბოლოოდ შეხვედრა “ლოკომოტივის” გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.
FCSABURTALO.GE
