„რეალმა“ „ვალენსიას“ შანსი არ დაუტოვა – ბენზემას 301 გოლი, ვინისიუსის დუბლი

0
49

მადრიდის „რეალმა“ ლა ლიგის მე-19 ტურში სტუმრად „ხეტაფესთან“ (0:1) წაგების შემდეგ, მთელი ჯავრი შინ „ვალენსიასთან“ იყარა. მადრიდელებს ვინისიუს ჟუნიორი დაუბრუნდა, რომელიც საუცხოო სეზონს ატარებს და ბრაზილიელმა თავისი სიტყვა გიორგი მამარდაშვილის გუნდთანაც თქვა.
„რეალმა“ ანგარიში 43-ე წუთზე გახსნა, როდესაც სტუმართა მცველმა ალდერეტემ თავის საჯარიმოში კაზემირო წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი ზუსტად ბენზემამ შეასრულა.
52-ე წუთზე, ვინისიუსმა და ბენზემა მეტოქის საჯარიმოში საუცხოო კომბინაცია გაითამაშეს, ბრაზილიელმა „ვალენსიას“ მცველებს თავბრუ დაახვია და ანგარიში გაზარდა. 61-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილის ასენსიოს დარტყმის შემდეგ სილესენმა ბურთი უხეიროდ მოიგერია და ვინისიუსმა ახლო მანძილიდან დუბლი მიითვალა.
76-ე წუთზე, მენდიმ საკუთარ საჯარიმოში ხელით მარკოს ანდრეს დაქაჩა და წააქცია, რასაც მსაჯის მიერ თერთმეტმეტრიანი დანიშვნა მოჰყვა. გონსალო გედეშის დარტყმული კურტუამ მოიგერია, მაგრამ პორტუგალიელმა თავით დაამატა და ერთი ბურთი გაქვითა. 88-ე წუთზე შეტევაში ჩართულმა მენდიმ მარცხენა ფლანგიდან პასი ბენზემას გაუკეთა, რომელიც ვალენსიელთა საჯარიმოში ერთ მცველს გასცდა და ზუსტად დაარტყა – 4:1.
ბენზემამ „რეალის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 584 შეხვედრაში 301 გოლი გაიტანა. ფრანგი ფორვარდი „სამეფო კლუბის“ ისსტორიაში ამ მაჩვენებლით მხოლოდ რონალდუს (450), რაულს (323) და ალფრედო დო სტეფანოს (308) ჩამორჩება. ბენზემამ „რეალის“ მაისურით 15 პენალტი შეასრულა და ყველა გაიტანა – 11 ლა ლიგაში, 1 ესპანეთის თასზე და 1 ჩემპიონთა ლიგაში. ასეთი შედეგი კლუბის ისტორიაში არავის ჰქონია.
ვინისიუსმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში თავი 12 გოლს მოუყარა და საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ბენზემას (16) ჩამორჩება.
„რეალს“ იტალიელი სპეციალისტის კარლო ანჩელოტის თავკაცობით ლა ლიგაში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 27 შეხვედრა არ წაუგია.