„ბარსელონამ“ ქულები ბოლო წუთებზე დაკარგა, დანი ალვეში კატალონიელთა რეკორდსმენია

0
56

„ბარსელონამ“ ახალი წლის პირველი მატჩი სტუმრად „გრანადასთან“ ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ იგებდა, საბოლოოდ მხოლოდ ქულა აიღო- 1:1. შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 57-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან დანი ალვეშის გადაცემის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ლუკ დე იონგმა თავით ანგარიში გახსნა. ნიდერლანდელმა ფორვარდმა თავი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა.
„ბარსელონა“ 79-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა, რადგან გავიმ მეორე ყვითელი მიიღო და თამაში ნაადრევად დაასრულა. 89-ე წუთზე,  „გრანადამ“ კუთხური ჩააწოდა და ბუსკეტსის ფეხიდან ბურთი ანტონიო პუერტასს მიუვიდა, რომელმაც ერთი შეხებით ზედა კუთხეში აუღებლად დაარტყა – 1:1.
„ბარსელონამ“ ამ სეზონში ლა ლიგაში „გრანადასთან“ მეორე შეხვედრაც ფრედ დაასრულა. კატალონიელებმა მიმდინარე გათამაშებაში 6 ქულა 85-ე წუთის შემდეგ გაშვებული გოლებით დაკარგა. ხავის შეგირდებმა ზედიზედ მე-6 თამაში არ წააგეს – 3 გამარჯვება და 3 ფრე. „ბარსას“ ფეხბურთელებმა 2021-2022 წლების სეზონში თავით 8 გოლი გაიტანეს რაც ლა ლიგაში საუკეთესო შედეგია. შარშან’ „ბარსას“ მოთამაშეები მეტოქეთა კარი თავურით 7-ჯერ აიღეს.
მეკარე ტერ შტეგენმა „ბარსელონას“ მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში 200 მატჩი ჩაატარა და მე-4 გერმანელია, რომელმაც ეს მოახერხა. მისი თანამემამულეებიდან ლა ლიგაში უფრო მეტჯერ ბერნდ შუსტერს (316), ტონი კროოსს (228) და ული შტილიკეს (215) უთამაშიათ.
ბრაზილიელი დანი ალვეში „ბარსელონას“ ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ლა ლიგაში ითამაშა. ის „გრანადასთან“ მატჩში მოედანზე 38 წლის და 247 დღის ასაკში გავიდა. მანამდე, რეკორდი ხოსე პინტუს ეკუთვნოდა, რომელმაც 2014 წლის 17 მაისს კატალონიელთა შემადგენლობაში 38 წლის და 190 დღისამ ითამაშა.