ქეცბაიას „ანორთოსისი“ შესვენებაზე გამარჯვება სერიით წავიდა

0
35

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა „ანორთოსისმა“ წლის ბოლოს აშკარად მოუმატა და ზედიზედ მესამე თამაში მოიგო. პირველი ტურის გამოტოვებულ მატჩში ფამაგუსტელები სტუმრად პაეკს შეხვდნენ და 2:0 აჯობეს.
მატჩის მე-10 წუთზე ანგარიში სერბმა თავდამსხმელმა მილოშ დელეტიჩმა გახსნა, რომელმაც 61-ე წუთზე დუბლი შეასრულა. გამარჯვებულთა შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ შეცვლელად ითამაშა. თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა „ანორთოსისის“ თადარიგში იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა. ნახევარმცველი ნიკა ნინუა როგორც ვიუწყებოდით ბერძნულ პაოკ-ში დაბრუნდა, საიდანაც კვიპროსულ კლუბში გაანათხოვრეს.
3-მატჩიანი გამარჯვებათა სერიის შემდეგ, „ანორთოსისმა“ 22 ქულა დააგროვა და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა.
ისევ წარუმატებლად ითამაშა აპოელმა, რომელშიც 3 ქართველი ლეგიონერი გამოდის. პირველი ტურის გამოტოვებულ მატჩში ნიქოზიელებმა გასვლაზე პაფოსთან 0:4 წააგეს. ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმა და თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად იასპარეზეს, ხოლო მათ მსგავსად სასტარტოში მყოფმა შუახაზელმა თორნიკე ოქრიაშვილმა მოედანი 70-ე წუთზე დატოვა. აპოელი 17 ქულით მე-7 პოზიციაზეა.