გიორგი მიქაუტაძეს ბელგიის ჩემპიონატში ზედიზედ მესამე მატჩში გოლი არ გაუტანია, რაც ცხადაია მხოლოდ მისი ბრალი არაა, რადგან გუნდიც სათანადოდ ვერ თამაშობს. მე-20 ტურში “სერენი” შინ “კორტრაიკს” შეხვდა და 0:2 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ისევ შეუცვლელად ითამაშა. “სერენმა” სახლში მიჯრით მეორე მატჩი წააგო, ხოლო საერთო ჯამში უკვე ბოლო ოთხი ტურია მარცხდება.
მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ბელგიის ჩემპიონატში ჩატარებულ 13 შეხვედრაში (11 სასტარტოში) 7 გოლი (1 პენალტიდან) გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, მიქაუტაძემ ბელგიის თასზე, რომელსაც „სერენი“ გამოეთიშა, 3 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო. „სერენი“ 19 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.
აქვე გეტყვით, რომ “სერენის” ფეისბუქის გვერდზე მიქაუტაძის ავტოგრაფიანი 9-ნომრიანი მაისური თამაშდება. მაისურის მოგების მსურველმა ქართველის შესახებ სახალისო კომენტარი უნდა დატოვოს, რომელსაც თავად ფეხბურთელი წაიკითხავს და ყველაზე მეტად რაც მოეწონება იმას შეარჩევს. გათამაშება 23 დეკემბერს დასრულდება.





