საკალათბურთო ევროლიგის მე-16 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა სტუმრად „ალბას“ დაუპირისპირდა და მეტოქე მძიმე ბრძოლაში 93:90 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 24 წუთი გაატარა. თოკო ცსკა-ს რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და 12 ქულა, 10 მოხსნა (5 შეტევაში), თითო შედეგიანი გადაცემა და ჩაჭრა მიითვალა. შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 16 გახლდათ.
“დაცვასა და შეტევაში აგრესიულად ვითამაშეთ, მეტოქე ასპარეზობის ამგვარ მანერაში აგვყვა, თუმცა, ვფიქრობ, მეტოქეზე უკეთ გამოვიყურებით”, – განაცხადა ნამატჩევს შენგელიამ.
ცსკა-ს 10 მოგება და 6 წაგება აქვს და ევროლიგის სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციას იკავებს. „არმიელები“ მომდევნო შეხვედრას 23 დეკემბერს სტუმრად მადრიდის „რეალთან“ ჩაატარებენ.






