საქართველოს ახალმა ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“ სეზონი საკუთარ კედლებში ბრინჯაოს პრიზიორ გორის „დილასთან“ მატჩით დაასრულა, რომელშიც გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2. მატჩში ანგარიში 23-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც „დილას“ მეკარე ლუკა გუგეშაშვილმა ფეხით თავის ნახევარზე არცთუ ხეირიანი პასი გაუკეთა ნიკა გაგნიძეს, რომელსაც ნიგერიელმა ლეგიონერმა ბენჟამენ ტეიდმა დაასწრო და საჯარიმოშიე შესულმა შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:0. 56-ე წუთზე ბათუმელთა მაცხენა მცველმა ირაკლი აზაოვმა საკუთარ საჯარიმოში პაატა ღუდუშაური წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი ბრაზილიელმა ვანდერსო სილვამ გოლად გარდასახა – 1:1.
67-ე წუთზე, გიორგი ზარიას პასის შემდეგ შეტევაში ჩართული მცველი გრიგოლ ჩაბრაძე მეტოქის საჯარიმოში ამოს ნონდის გასცდა და კარიდან გამოსულ გუგეშაშვილს ბურთი თავს ზემოთ ოსტატურად გადაუგდო – 2:1. 72-ე წუთზე, ვანდერსონ სილვამ მარცხენა ფლანგიდან ბურთი ბათუმელთა საჯარიმოში ჩაჰკიდა და თორნიკე კაპანაძემ მაღალ ნახტომში თავით ეფექტური გოლი გაიტანა – 2:2.
ბათუმის „დინამო“ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მე-10 ჩემპიონია. ბათუმელთა თავკაცმა გია გეგუჩაძემ სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში თავის გაწვრთნილ გუნდს ოქროს მედლები მესამედ მოაგებინა. პირველად, მან ჩემპიონის ტიტული 2010-2011 წლების სეზონში „ზესტაფონთან“ ერთად მოიპოვა. ის, 2015-2016 წლების სეზონში “დინამოს” ხელმძღვანელობდა, რომელიც ოქროს მედლებს დაეუფლა, მაგრამ გეგუჩაძე თბილისელთა თავკაცის რანგში ნახევარი სეზონი გაატარა.
ბათუმელებმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 36 მატჩიდან 21 მოიგეს, 12 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს – 75 ქულა დააგროვეს. გეგუჩაძის შეგირდებმა 73 გოლი გაიტანეს და 27 გაუშვეს. დინამოელებმა ჩემპიონატი ისე დაასრულეს, რომ შინ არ წაუგიათ.
მატჩის დასრულების შემდეგ ბათუმელებს კუთვნილი ოქროს მედლები და ჩემპიონის ფარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადასცა. აქვე გეტყვით, რომ ბათუმელთა დაჯილდოვებამდე კუთვნილი ბრინჯაოს მედლები “დილას” ფეხბურთელებმა მიიღეს.








