საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელვილი სანიოლის თქმით, მიმდინარე წლის დადებით ნოტზე დასრულება მნიშვნელოვანი იყო.
ამის შესახებ მან გორში უზბეკეთთან ამხანაგურ მატჩში 1:0 გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვილი სანიოლი:”არ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი იყო. მე ძირითად ყურადღებას ვაქცევ იმას, თუ როგორ ვთამაშობთ და არა ნაჩვენებ შედეგს, მაგრამ ეს წლის ბოლო შეხვედრა იყო და მნიშვნელოვანი იყო, რომ სანაკრებო პაუზა კარგ განწყობაზე დაგვესრულებინა. ამის გათვალისწინებით, შედეგით კმაყოფილი ვარ, მაგრამ უკეთესად თამაში შეგვიძლია. ეს განსაკუთრებით პირველ ნახევარს ეხება, ჩვენ ძალიან ნელა ვმოძრაობდით და ამან პრობლემები შეგვიქმნა. შვედეთთან გამართული მატჩის შემდეგ გუნდი ცოტათი დაღლილი იყო, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ შეხვედრა იგივე განწყობით ჩაგვეტარებინა, როგორც ეს საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩზე გავაკეთეთ.
ჩაკვეტაძეს ტრავმა აწუხებდა და ამიტომ არ იყო ჩვენთან. მასთან საუბარი მქონდა. ტრავმა აწუხებდა, სამედიცინო შტაბმა შეამოწმა იყო თუ არა რამე სერიოზულად, მაგრამ შემოწმების შემდეგ მან დატოვა შეკრება და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვინ გვყავს მეტოქედ, ერთი ფორვარდი გვჭირდება თუ ორი. შვედეთთან ვოლკოვის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვიყავი, დღეს გოლიც გაიტანა და თავდაჯერებაში დაეხმარება. კიდევ უფრო მაღალ დონეზე თამაშისთვის მას სჭირდება ჩვენთან უფრო ხშირად ყოფნა.
მარტამდე საკმაოდ დიდი შუალედია, თუმცა ეს ნიშნავს, რომ მატჩების არქონის მიუხედავად არ ვიმუშავებთ. ბევრი მიმართულებით ვიმუშავებთ, ამ პერიოდს გამოვიყენებთ, ტაქტიკურ ასპექტზე მუშაობისთვის, ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად, ყოველთვის საინტერესო ფეხბურთელებთან კომუნიკაცია, როცა ისინი კლუბებში იმყოფებიან. თავისთავად ამ პერიოდში თბილისშიც ვიქნებით.
საქართველოს ნაკრებში რამდენიმე კარგი ეპიზოდი იყო. ყველას გვახსოვს სექტემბერში ნაჩვენები თამაში, მაგრამ საერთო ჯამში მიმდინარე წელს დადებითი უფრო მეტი იყო, ვიდრე უარყოფითი. ჩვენ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ და ვეცადოთ, რომ სექტემბრის მსგავსი მატჩები აღარ განმეორდეს. თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული როგორი გარემო იქნება მარტში, რომ ფეხბურთელებმა მარტშიც ისე კარგად წარმოაჩინონ საკუთარი თავი, როგორც ბოლო შეხვედრებში.
საერთო ჯამში, ჩემს ნაკრებში მუშაობას პოზიტიურად შევაფასებდი, მაგრამ ის თამაში რაც სექტემბერში და ოქტომბერში ვაჩვენეთ ძალიან შორს იყო იმ ყველაფრისგან, რაც გვსურს. თუმცა ამ მატჩების გარდა ჩატარებულ თამაშებს თუ გადავხედავთ, მე უფრო მეტ პოზიტივს ვხედავ ვიდრე ნეგატივს.
ვიცით, რომ ის ბალანსი, რომელიც ბოლო პერიოდში ვიპოვეთ, ჯერ კიდევ მყიფეა და ბევრი მუშაობა გვჭირდება. ფეხბურთელებს სწორედ ეს ვუთხარი, რომ ზედიზედ სამი გამარჯვება არაფერს ცვლის, ახლა ყველაფერი უფრო რთული იქნება და მეტი მუშაობა გახდება საჭირო. მომავალ შეკრებამდე დაახლოებით ოთხი თვეა დარჩენილი, ეს საკმაოდ დიდი პერიოდია და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. ახლა ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ის დონე შევინარჩუნოთ, რაც ბოლო მატჩებში ვაჩვენეთ.
ბორდოში ვცხოვრობ, კლუბთან კარგი ურთიერთობა მაქვს. თუმცა, ყველაზე მთავარია, ხვიჩამ გააკეთოს ის, რაც მის კარიერას სჭირდება. დღევანდელი თამაში ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს მისი პერფორმანსი. პირველი 10 წუთი და ბოლო 15 წუთი. სწორედ ბოლო 15 წუთია ის თამაში, რისი ნახვაც ქართველ ქომაგს სურს და ამიტომ, ბალანსის მოძებნაა საჭირო და მომავალში უკეთესი პერსპექტივა აუცილებლად ექნება.
შვედეთთან მატჩში ჩემი პირადი გადაწყვეტილებით არ ითამაშა ჯაბა კანკავამ, რადგან კოსოვოში კვეკვესკირი-გვილიას წყვილმა კარგად ითამაშა და არ შევცვალე. დღეს კი ოჯახური მიზეზით ვერ ითამაშა, ჩვენ მას მხარში ვუდგავართ და ეს იყო მიზეზი, რის გამოც ჩვენთან ერთად არ იმყოფებოდა“.





