მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის D ჯგუფის მე-9 ტურში საფრანგეთის ნაკრებმა შინ ყაზახეთი 8:0 გაანადგურა და ფინალურ ეტაპზე გავიდა.
საფრანგეთს ზედიზედ 26 თამაში არ წაუგია და თავისი რეკორდის განმეორებამდე 1 მატჩი აკლია – 1994-1999 წლებში ფრანგები მიჯრით 27 თამაშში არ დამარცხდნენ.
ფრანგები მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატებზე ზედიზედ მეთოთხმეტედ ითამაშებენ.
განვლილ შეხვედრაში მასპინძლების 22 წლის თავდამსხმელმა კილიან მბაპემ მეტოქის კარი 4-ჯერ აიღო.
ის ბოლო 63-ე წლის მანძილზე „სამფეროვანთა“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც „პოკერი“ შეასრულა.
მანამდე, მსგავსი შედეგი ლეგენდარულმა ჟიუსტ ფონტენმა აჩვენა მსოფლიო 1958 წლის ჩემპიონატში მე-3 ადგილისთვის გერმანიასთან (6:3) მოგებულ შეხვედრაში.
გარდა ამისა, მბაპემ თავის კარიერაში პირველად ეროვნული გუნდის მაისურით ზედიზედ სამ შეხვედრაში თავი გამოიჩინა.
სხვათა შორის, ბოლო ვინც საფრანგეთის ნაკრებში ოფიციალური შეხვედრაში ჰეთ-თრიქი მიითვალა დომინიკ როშტო იყო, რომელმაც ეს მსოფლიო 1986 წლის ჩემპიონატის შესარჩევში 1985 წლის 30 ოქტომბერს ლუქსემბურგთან (6:0) მოახერხა.
ყაზახებთან დუბლი ქარიმ ბენზემამ გაახერხა, რომელსაც სანაკრებო კარიერაში 35 გოლი დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით 33 წლის თავდამსხმელი საფრანგეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა და დავიდ ტრეზეგეს ერთი ბურთით გაასწრო.
ლიდერი ტიერია ანრია (51) გოლით, რომლის შემდეგ მოდიან – ოლივიე ჟირუ (46), ანტუან გრიზმანი (42) და მიშელ პლატინი (41).
მიმდინარე სეზონში ბენზემამ კლუბსა და ნაკრებში ყველა ტურნირში ჩატარებულ 16 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.





