ბრატისლავას „სლოვანმა“, რომელშიც საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ვიცეკაპიტანი გურამ კაშია ასპარეზობენ, სლოვაკეთის ჩემპიონატში ზედიზედ მე-7 მატჩი მოიგო.
ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი მე-14 ტურში შინ „რუჟემბეროკს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. მასპინძლებმა ერთადერთი გოლი მე-12 წუთზე გაიტანეს.
„სლოვანში“ ორივე ქართველმა ლეგიონერმა შეუცვლელად ითამაშა. ბრატისლაველები 35 ქულით 12-გუნდიან გათამაშებას ლიდერობენ.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-15 ტურში “ალმერიამ” შინ “ბურგოსს” 2 უპასუხო ბურთი გაუტანა. მასპინძლების განაცხადში იყო, მაგრამ ისევ არ უთამაშია ქართველ მეკარე გიორგი მაკარიძეს.





