თორნიკე შენგელიამ ახალ 2021-2022 წლების სეზონში პირველი ტიტული მოიგო. VTB ლიგის სუპერთასის ფინალში მოსკოვის ცსკა-მ სანკტ-პეტერბურგის “ზენიტს” აჯობა. მოსკოველებმა ტურნირის ნახევარფინალში კრასნოდარის “ყუბან-ლოკომოტივს” 91:78 სძლიეს, ფინალური შეხვედრა კი 81:73 მოიგეს და სუპერთასს დაეპატრონნენ.
შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 17:58 წუთში 7 ქულა, 9 მოხსნა (3 შეტევაში), თითო ჩაჭრა და დაფარება მიითვალა. თორნიკემ ცხრიდან სამი ორქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, ბურთი სამჯერ დაკარგა, ერთი პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.
ქართველი კალათბურთელის მოედანზე ყოფნის პერიოდში მოსკოველებმა პეტერბურგელებზე 13 ქულით მეტი ჩააგდეს და ეს, მეორე მაჩვენებელი იყო სერბი ნიკოლა მილუტინოვის (+14) შემდეგ. შენგელიას სარგებლიანობის კოეფიციენტი 8-ს გაუტოლდა. ზენიტის რიგებში არ უთამაშია საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ უკანახაზელ კონერ ფრენკამპს.
ცსკა VTB ლიგის ახალ სეზონს 23 სექტემბერს დაიწყებს, როდესაც სტუმრად ბელარუსის “ცმოკი-მინსკს” ეთამაშება.




