თბილისური ჩელენჯერი ალბანეთმა და მალტამ იოლი გამარჯვებებით დაიწყეს

0
17

საქართველოს დედაქალაქში მორიგი საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირი დაიწყო. გასულ თვეში თბილისმა 20 წლამდე ვაჟთა ევროჩელენჯერს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც ჩვენს ქალაქს ევროპის წამყვანი საკალათბურთო ქვეყნების ნაკრებები ესტუმრნენ. ამჯერად სტუმრები ისეთი სახელიანნი არ არიან, როგორებიც საფრანგეთი და გერმანია იყვნენ, თუმცა გოგონათა ევროჩელენჯერის მასპინძლობა ჩვენი საკალათბურთო საზოგადოებისთვის მართლაც გამორჩეული ამბავია.
გოგონათა კალათბურთის ხელშეწყობა – ეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამიტომაც ტარდება თბილისში ფიბა-ს საერთაშორისო ტურნირი. მართალია, ჩვენი ნაკრები სადღეისოდ მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას, თუმცა საერთაშორისო აქტივობა, ახალგაზრდებთან სწორი და თავდაუზოგავი მუშაობა მომავლის იმედს იძლევა.
თბილისურ ევროჩელენჯერში საქართველოსთან ერთად მალტა, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი და სომხეთი მონაწილეობენ. პირველ ტურში მაკედონიელები ისვენებდნენ, პირველ მატჩში კი ალბანეთმა სომხეთს შანსი არ დაუტოვა. ჩვენმა მეზობლებმა 37:61 წააგეს ალბანელებთან. რაც შეეხება ქართველებს, ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა სადებიუტო შეხვედრა მალტასთან დათმო – 28:71.
ტურნირის მეორე დღეს, 10 აგვისტოს თბილისის სპორტის სასახლეში კვლავ 2 მატჩი გაიმართება. 16:00 საათზე ჩრდილოეთ მაკედონია მალტას დაუპირისპირდება, ხოლო 19:00 საათზე საქართველო ალბანეთს შეხვდება.