გია გეგუჩაძეს მიაჩნია, რომ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბორისოვოს ბატესთან საპასუხო მატჩში, მისი გუნდის წარმატების საწინდარი საკუთარი თამაშის პოვნაა.
ბათუმის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ბატესთან ბელარსში გასამართ შეხვედრამდე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ბათუმელებმა პირველი თამაში 0:1 წააგეს.
გია გეგუჩაძე: „რა თქმა უნდა, პირველი მატჩის ანალიზი გაკეთდა. ფეხბურთელებს გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები და მოვისმინეთ მათიც, რადგან უშუალოდ მათ მოუხდათ მოედანზე მოქმედება.
ბევრ რამეზე წინასწარ შევთანხმდით და უპირველესი ისაა, რომ მომავალ შეხვედრაში 90 წუთის განმავლობაში სრული კონცენტრაცია გვჭირდება, რათა ჩვენთვის სასურველი შედეგი მივიღოთ.
ვერ ვიტყვი, რომ მეტოქეს პირველ მატჩში ფიზიკური მომზადებით, მოედანზე მოძრაობის კუთხით ჩამოვრჩებოდით. უბრალოდ, ბატე უფრო მეტად ათლეტური გუნდია, რომელსაც ტანმაღალი ფეხბურთელები ჰყავს და მეტოქის უპირატესობა ესაა.
ბატე და ჩვენ ორი განსხვავებული გუნდი ვართ. ცხადია, ბატე შეეცდება, თამაში თავისი კარნახით წარმართოს,
ჩვენ კი უნდა შევეცადოთ, საკუთარი თამაში ვიპოვოთ და თუ ამას ორი ტაიმის განმავლობაში მოვახერხებთ, სასურველ შედეგთან უფრო ახლოს ვიანებით”.
მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი ბათუმელთა მეკარე ლაზარე კუპატაძემ გააკეთა.
ლაზარე კუპატაძე: „პირველ მატჩში დასანანი გოლი გავუშვით. სამწუხაროდ, კონტრიერიში გამოგვეპარა. ნათლად ჩანდა, რომ ბატე-ს უპირატესობა ათლეტიზმში ჰქონდა. გავაანალიზეთ პირველი მატჩი. ყურადღება შეცდომებზე გავამახვილეთ, რომლებიც აღარ უნდა გავიმეოროთ. იმედი მაქვს, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ და შემდგომ ეტაპზე გავალთ”.