ბატეს მწვრთნელი: „ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშს არ ვაპირებთ“

0
31

ბორისოვოს ბატეს მთავარი მწვრთნელის თქმით, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამოსთან“ შინ გასამართ საპასუხო მატჩში ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშს არ აპირებს.

მან ამის შესახებ 29 ივლისს ბოროსოვოში ჩასატარებელ შეხვედრამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსებმა ბათუმში პირველი თამაში 1:0 მოიგეს.

-ბატე ერთადერთი ბელარუსული კლუბია, რომელიც ევროთასების შეხვედრას შინ ჩაატარებს. ეს მის შანსს გაზრდის?

-შანსზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გულშემატკივრების წინაშე ვითამაშებთ. მხარდაჭერას ველოდებით. სხვაზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან შესაძლოა ვიღაცას სტუმრად თამაში მოსწონს. თუმცა, ჩვენთვის სახლში თამაში ძალიან მნიშვნელოვანია.

-ბათუმის „დინამოს“ გამარჯვება სჭირდება, აქედან გამომდინარე, მეტოქისგან უფრო შემტევ ფეხბურთს ელოდებით?

-„დინამო“ ისედაც შემტევი გუნდია. მთავარია, ჩვენ როგორ ვითამაშებთ. თუ საშუალებას მივცემთ, მეტოქეს ყველაფრის გაკეთება შეუძლია. დაცვაში „ჩაკეტვას“ და ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშს არ ვაპირებთ.

-ბატეს ჩემპიონთა ლიგაში თამაშის მდიდარი გამოცდილება აქვს. კონფერენს ლიგაში თამაშმა მოთამაშეების მოტივაცია ხომ არ შეამცირა?

-არა, მსგავსი საკითხი არც განიხილება. ყველას ესმის, რომ ამ ტურნირში თამაში დიდი პასუხისმგებლობა, კლუბის იმიჯი და ფინანსური შემოსავალია. როდესაც ევროთასებზე თამაშობ უფრო ხარისხიანი ტრანსფერებს ანხორციელებ. ბევრი ნიუანსია. ევროთასები არა მხოლოდ ფული, არამედ, კლუბისა და ქვეყნის პრესტიჟია.

-კონფერენს ლიგის დაწყებამდე ახალგაზრდა მალკევიჩი გაუშვით და მის ადგილზე ასაკოვანი ბორდაჩოვი მოვიდა. ეს ნაბიჯი ახსენით…

-გუნდში კონკურენციაა. არსებობს მოთხოვნები, მათ შორის თამაშის გაგების. ჩვენ ვნახეთ, რომ მალკევიჩი ჯერ მზად არაა. მისი გაშვება არ გვსურდა და თავად გვთხოვა, რომ გვეპოვნა გუნდი, სადაც მეთ სათამაშო პრაქტიკას მიიღებდა. კლუბმა შემხვედრი ნაბიჯი გადადგა.

-ბორდაჩევი გაგაძლიერებთ?

-მაქსიმს ყველა იცნობს. გუნდს არცთუ იოლ პერიოდში ასეთი მაღალი დონის მოთამაშე სჭირდებოდა, როდესაც ბევრი ტრავმირებულია და ტრანსფერების განხორციელება რთულია. ამ შენაძენით ძალიან კმაყოფილი ვარ.

-დაცვის ცენტრში ექსპერიმენტალური წყვილი თამაშობს ორი ფილიპოვიჩის შემადგენლობით. ეს კოპიტოვიჩის წარუმატებელ თამაშს უკავშირდება თუ ტრავმას?

-ყველაფერს ერთად. ჩვენი ამოცანა ყოველ მატჩში გამარჯვებაა. ამიტომ, სამწვრთნელო შტაბთან ერთად ვარჩევთ ვინ შევაწყვილოთ.

-გრომიკოს რა სჭირს?

-ტრავმირებულია.

ბატესა და ბათუმის “დინამოს” მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.