ჰაიფას „მაკაბის“ მწვრთნელის ბარაკ ბახარის თქმით, მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგაში ალმათის „ქაირათთან“ განცდილი მარცხის შემდეგ ჭრილობებს იშუშებს და კონფერენს ლიგაში წარმატებული გამოსვლის ეიმედება.
ებრაელმა სპეციალისტმა ამის შესახებ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე 22 თბილისში ადგილობრივ “დინამოსთან” ჩასატარებელ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ბარაკ ბახარი: „ვაანალიზებთ მარცხს ჩემპიონთა ლიგაზე და გვაქვს იმედი, რომ კონფერენს ლიგაზე დანაკლისს ავინაზღაურებთ და წარმატებით გამოსვლას შევძლებთ.
ვიცით, რომ თბილისის „დინამო“ დიდი ტრადიციების მქონე და გამოცდილი გუნდია. საკმაოდ რთული თამაში გველის. გვაქვს იმედი, რომ ამ შეხვედრებში კარგ თამაშს ვაჩვენებთ და წარმატებას მივაღწევთ.
რასაკვირველია ჩვენი მიზანი არის, რომ მოვიგოთ, თუმცა, ჯერ ჩვენ ჭრილობების მოშუშების პროცესში ვართ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვეცდებით წარმატების მიღწევას.
რა თქმა უნდა, ლადო დვალიშვილის და გიორგი დარასელიას „მაკაბის“ წარმატებული პერიოდი ჰქონდა. ჩვენის მხრივ,
ვეცდებით, რომ ის ძველი წარმატება გავიმეოროთ და მცდელობას არ დავაკლებთ. ვეცდებით, რომ ხვალ წარმატებით ვითამაშოთ.
შანსებზე საუბარს ზოგადად ვერიდებით, ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ, ვეცდებით ისე ვითამაშოთ, როგორც შეგვიძლია, დანარჩენს კი თამაში გვიჩვენებს”.
თბილისის “დინამოსა” და “მაკაბის” მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” 20:30 საათზე დაიწყება.