ბაქოს „ნეფთჩის“ მთავარი მწვრთნელი სამირ აბასოვი თბილისში მისი გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილია და სახლში „დინამოსთან“ სულ სხვაგვარად უნდა გაისარჯონ.
მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანის დედაქალაქში თბილისის „დინამოსთან“ საპასუხო შეხვედრამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
სამირ აბასოვი: „ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო დღეა. მიზეზი – გულშემატკივრების მატჩზე დაშვება. მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ამას ყველას სახელით ვამბობ -გულშემატკივრებისა და ფეხბურთელების. ეს საუცხოო გადაწყვეტილებაა.
უშუალოდ ხვალინდელ თამაშს რაც შეეხება, დაძაბულობა უკვე ახლა იგრძნობა. უკვე ახლა ვხედავ რა აჟიოტაჟის ფონზე და პასუხისმგებლობის ქვეშ ვითამაშებ. საქართველოში ვნახეთ რამდენად ძლიერი და მომზადებული მეტოქე გვყავს.
თავად იცით, რომ ახლა საქართველოში ჩემპიონატი „გახურებულია“. ე.ი. მეტოქე სრულებით მზადაა და ეს პირველ თამაშში ვიგრძენით. მართალია, სახლში კარგი შედეგით დავბრუნდით, მაგრამ ის ჩვენს მიერ ნაჩვენებ თამაშს არ შეესაბამებოდა.
ხვალ ამას გამოვასწორებთ. ადრე სტუმრად გატანილ გოლს მნიშვნელობა ჰქონდა, ხოლო ახლა ასე არაა. საკუთარ თამაშს დავეყრდნობით და შევეცდებით ყველაფერი გამოგვივიდეს.
თითოეული მოთამაშის წასვლა გუნდზე ნეგატიურად აისახება. ამიტომ, დანაკლისის შევსება საჭიროა. პირველ მატჩში კარგად არ გვითამაშია.
თამაშის მსვლელობისას ბიჭები ზოგჯერ პოზიციას კარგავდნენ, რაც ხელს ძალიან გვიშლიდა. განსაკუთრებით ეს ფლანგებს ეხება.
შედეგი გვერდით გადავდოთ – თავად თამაში არ მოგვეწონა. საბედნიეროდ, საპასუხო მატჩი არსებობს და უდავოა, სულ სხვა თამაში უნდა ვაჩვენოთ.
გულწრფელად გეტყვით, რომ ამჟამინდელი „ნეფთჩი“ არცთუ კარგ მდგომარეობაშია. არ ვიცი ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ძალა გვეყოფა თუ არა. გააჩნია რომელი ტურნირის? ჩემპიონთა ლიგის? ეს ოცნებაა.
რა თქმა უნდა ეს შესაძლებელია, მაგრამ ძალიან რთულია. უფრო რეალური კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა. თუმცა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე რა ნაბიჯებს გადავდგამთ.
დაძაბულობა პასუხისმგებლობას უკავშირდება. მით უმეტეს, ამ დღეებში ბიჭებმა გაიგეს, რომ გულშემატკივრები სტადიონზე დაუშვეს. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული მოთამაშის 5-6 ახლობელი ადამიანი ტრიბუნებზე იქნება. დაძაბულობა შიშს არ ნიშნავს. უბრალოდ, აუცილებელია ყველამ თავისი პასუხისმგებლობა გაითავისოს“.
შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს თბილისში გამართულ პირველ მატჩში “ნეფთჩიმ” “დინამოს” 2:1 აჯობა.
„ნეფთჩი“ – „დინამოს“ დაპირისპირება ბაქოში „ბაქსელ არენაზე“ შედგება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.