იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მეორედ მოიგო – დონარუმა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელია

0
29

იტალიის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატი მეორედ მოიგო.

„სკუადრა აძურამ“ ლონდონში სტადიონ „უემბლიზე“ გამართულ ფინალში ინგლისის ნაკრები პენალტების სერიაში 3:2 დაამარცხა.

მატჩის მეორე წუთზე ინგლისელთა კონტრშეტევის დროს კირან ტრიპიერმა მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა მარცხენა მცველმა ლუკ შოუმ ერთი შეხებით დაარტყა და ბურთი ჯერ ძელს შეეხო, ხოლო შემდეგ კარში აღმოჩნდა.

ინგლისელმა ფეხბურთელმა ევროპის ჩემპიონატების ფინალების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა. გარდა ამისა, ის „მანჩესტერ იუნაიტედის“ პირველი მოთამაშეა, რომელმაც ევროპის პირველობის ფინალში მეტოქის კარი აიღო. აღსანიშნავია, რომ იტალიამ 2020 წლის სექტემბრის შემდეგ მატჩის მსვლელობის საკუთარ კარში ბურთი პირველმა პირველად მიიღო.

ინგლისელებმა ევრო-2020-ზე 11 გოლი გაიტანეს, რაც მანამდე ევროპის ჩემპიონატებზე არასოდეს გაუკეთებიათ.

მეორე ტაიმში იტალიის ნაკრების უპირატესობა აშკარა იყო და რობერტო მანჩინის შეგირდებმა ანგარიში გააათანაბრეს.

67-ე წუთზე, იტალიელების ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ მარკო ვერატიმ თავით დაარტყა და ბურთი ჯორდან პიკფორდის ხელიდან ძელს მოხვდა, ხოლო დამატებაზე ლეონარდო ბონუჩიმ ინგლისელთა კარი აიღო.

ბონუჩი 34 წლისა და 71 დღის ასაკში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატების ფინალებში გოლი გაიტანა. ამასთანავე, მან ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე მე-18 შეხვედრა ჩაატარა და ამ მაჩვენებლით იტალიის ნაკრების რეკორდსმენი გახდა.

მასზე მეტჯერ ევროპის პირველობების დასკვნით ეტაპებზე მხოლოდ პორტუგალიელებს კრიშტიანუ რონალდუს, პეპესა და მოუტინიოს უთამაშიათ.

ბონუჩი “იუვენტუსის” მეორე ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში გოლი გაიტანა, პირველი ლეგენდარული ფრანგი მიშელ პლატინი იყო. საბოლოო ჯამში, ბონუჩი ფინალის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

იტალიამ ევრო-2020-ზე მოწინააღმდეგეთა კარი 13-ჯერ დალაშქრა რაც ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე “სკუადრა აძურას” რეკორდია.

აქვე გეტყვით, რომ ჯორჯო კიელინი 36 წლისა და 331 დღის ასაკში ევროპის ჩემპიონატების ფინალების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი კაპიტანია. მან მეკარე ჯანლუიჯი ბუფონის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც იტალიელებს ევრო-2012-ის ფინალში 34 წლისა და 154 დღის ასაკში უკაპიტნა.

შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და ევროპის პირველობების ისტორიაში მეშვიდედ ფინალში დამატებითი დრო დაინიშნა.

სხვათა შორის, მატჩი ცოტა ხანი გაჩერდა, რადგან მოედანზე გულშემატკივარი შევარდა, რომელმაც მოედნის ცენტრამდე ირბინა, მაისური გაიხადა და დაახლოებით 1 წუთი ცდილობდა სამ სტიუარდს ხელიდან დასხლტომოდა. საბოლოოდ, ის დააკავეს და მოედანი დაატოვებინეს.

გამარჯვებული ვერც დამატებით ნახეცარ საათში გამოვლინდა და პენალტების სერია იტალიელებმა უკეთესად შეასრულეს, რის წყალობით 1968 წლის შემდეგ, ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა.

იტალიიდან პენალტები ბერარდიმ, ბონუჩიმ და ბერნარდესკიმ გაიტანეს, ხოლო ბელოტისა და ჟორჟინიოს დარტყმები პიკფორდმა გააუვნებელყო.

ინგლისიდან თერთმეტმეტრიანები ზუსტად კეინმა და მაგუაიერმა დაარტყეს, რეშფორდმა ბურთი ძელს მოახვედრა, სანჩოს და საკას კი, დონარუმამ აუღო.

იტალიის ნაკრებს ზედიზედ 34 თამაშია არ წაუგია და მსოფლიო რეკორდამდე, რომელიც ესპანეთსა და ბრაზილიას ეკუთვნით, 1 თამაში აშორებს.

შეგახსენებთ, რომ იტალიამ ფინალში მეოთხედ ითამაშა, ხოლო ინგლისმა – პირველად.

ინგლისის ნაკრები ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე პენალტების სერიაში 10-დან 7 შემთხვევაში დამარცხდა – 4-ჯერ ევროპის პირველობებზე, ხოლო 3-ჯერ მსოფლიო ჩემპიონატებზე.

ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად იტალიელთა კარის დარაჯი დონარუმა დაასახელეს. 1992 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ტურნირის საუკეთესო მოთამაშის წოდებას მეკარე დაეუფლა. მაშინ, ეს ტიტული ევროპის ჩემპიონატის მომგები დანიის გოლკიპერმა პეტერ შმეიხელმა მოიგო.

ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი კრიშტიანი რონალუდ გახდა 5 გოლით. ამდენივე ბურთი გაიტანა ჩეხმა პატრიკ შიკმა, მაგრამ უეფა საუკეთესო მეგოლის გამოვლენის დროს ფეხბურთელის მიერ ტურნირზე გაკეთებულ საგოლე პასსაც ითვალისწინებს. რონალდუმ საგოლე გადაცემა გერმანიასთან შეხვედრაში მიითვალა და ევრო-2020-ის ბომბარდირის პრიზიც მიიღო.

რონალდუ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი ბომბარდირია. მანამდე, 29 წლისა და ერთი თვის ასაკში ევრო-1984-ზე ყველაზე მეტი გოლი ფრანგმა მიშელ პლატინიმ გაიტანა – 9.

ევრო-2020-ზე ყველაზე მეტი საგოლე პასი შვეიცარიელმა სტივენ ცუბერმა გააკეთა – ოთხ მატჩში ოთხი.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, უეფას ინფორმაციით ევრო-2020-ს 1,1 მილიონი გულშემატკივარი დაესწრო.

 იტალიაინგლისი 1:1 (0:1) (3:2, პენ.)

11 ივლისი. ლონდონი. სტადიონიუემბლი“. 

იტალია: დონარუმა, ბონუჩი, კიელინი (კ), ემერსონი (ფლორენცი, 115), დი ლორენცო, ჟორჟინიო, ინსინიე, ვერატი, ბარელა (კრისტანტე, 54), კიეზა (ბერნარდესკი, 86), იმობილე (ბერარდი, 55).

მთავარი მწვრთნელი: რობერტო მანჩინი.

ინგლისი: პიკფორდი, უოკერი (სანჩო, 120), მაგუაიერი, ტრიპიერი (საკა, 70), სტოუნსი, ფილიპსი, რაისი (ჰენდერსონი, 74, რეშფორდი, 120), შოუ, მაუნტი (გრილიში, 99), სტერლინგი, კეინი.

მთავარი მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი

გოლები: 0:1 შოუ (2), 1:1 ბონუჩი (67)

გაფრთხილება: ბარელა (47), ბონუჩი (55), ინსინიე (84), კიელნი (90+6), ჟორჟინიო (114), მაგუაიერი (106).

მთავარი მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ნიდერლანდები)