ბათუმის „დინამომ“ მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მესამე მატჩი მოუგო თბილისის “დინამოს”. გია გეგუჩაძის გუნდი 21-ე ტურში კახა ცხადაძის შეგირდებს სტუმრად დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ მარცხდებოდა, საბოლოოდ 3 ქულა აიღო.
მე-17 წუთზე, თავის ნახევარზე მყოფმა ჯაბა ჯიღაურმა ცუდი პასი გაუკეთა ცენტრალურ მცველ გაგი მარგველაშვილს და ბურთს ზორან მარუშიჩი დაეუფლა, რომელიც ბათუმელთა მცველს იოლად გაცდა, რის შემდეგ, არც ანგარიშის გახსნა გაჭირვებია – 1:0.
სტუმრებს პირველ ტაიმში თანაფარდობის აღდგენა შეეძლოთ, მაგრამ როინ კვასხვაძემ ჯერ ხელსაყრელი პოზიციიდან გრიგოლ ჩაბრაძის ძლიერად დარტყმული ბურთი მოიგერია, ხოლო შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე დინამოელთა მეკარემ მასთან ფაქტობრივად პირისპირ გასულ გიორგი ფანცულაიას აუღო.
მეორე ტაიმში ბათუმელები ტერიტორიულ უპირატსებობა ფლობდნენ და 78-ე წუთზე ირაკლი აზარობმა დაახლოებით 23 მეტრიდან ულამაზესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
ამის შემდეგ, დინამოელთა დაწინაურება ლუკა გაგნიძეს შეეძლო, რომლის დარტყმის მერე ბურთი მიზანს მცირე მანძილით ასცდა.
ბათუმელების პასუხმა არ დააყოვნა და თორნიკე გაფრინდაშვილმა „გაისროლა“ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან. მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა.
90-ე წუთზე, შეცვლაზე შესული გიორგი ნავალოვსკი შეტევის მარცხენა ფრთაზე ორ თბილისელს გაცდა და ზუსტი პასი მისცა ბრაზილიელ ფლამარიონს, რომელმაც თავით ზუსტად დაარტყა – 1:2.
მან ვოლგოგრადის „როტორიდან“ დაბრუნების მერე ბათუმელთა მაისურით პირველი გოლი გაიტანა.
ბათუმელებმა 43 ქულით ლიდერობა დაიბრუნეს და მეორეადგილოსან თბილისელებს 2 ქულით ასწრებენ. კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 22-ე ტური 7 აგვისტოს ჩატარდება.
დინამო თბილისი 1-2 დინამო ბათუმი
გოლი: 1-0 მარუშიჩი 17’ 1-1 აზაროვი 79’ 1-2 ფლამარიონი 90’
გაფრთხილება: გაბედავა 21’ ალთუნაშვილი 25’ კუცია 39’ ფლამარიონი 90’
დინამო თბილისი: კვასხვაძე, მონხილი, ბენიო, ხვადაგიანი (კობოური 58), ქარდავა, პაპავა (მექვაბიშვილი 78), ხარაბაძე, მორჩილაძე (სპორქსლედე 67), კუცია (გაგნიძე 67), გაბედავა (რადინი 58), მარუშიჩი
დინამო ბათუმი: კუპატაძე, ტედი (ნავალოვსკი 83), მარგველაშვილი, ზარია (ფლამარიონი 54), ჯიღაური (შინდაგორიძე 75), ფანცულაია (სანოგო 75), აზაროვი, მამუჩაშვილი (გაფრინდაშვილი 54), ალთუნაშვილი, კობახიძე, ჩაბრაძე
მსაჯი: ი. კვირიკაშვილი
