ევრო-2020-ის მეშვიდე მეოთხედფინალისტი ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდია.
ლონდონში „უემბლის“ სტადიონზე გამართულ 1/8-ფინალში გარეთ საუთგეიტის გაწვრთნილები გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და ორბურთიანი სხვაობით აჯობეს.
შეხვედრის პირველი ტაიმი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და უგოლოდ დასრულდა.
75-ე წუთზე, ინგლისელების რამდენიმე სვლიანი კომბინაციის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ლუკ შოუმ კარის წინ მდგომი რაჰიმ სტერლინგი მოძებნა, რომელმაც ანგარიში გახსნა. მან მიმდინარე ტურნირზე მესამე გოლი გაიატანა.
86-ე წუთზე, ბრიტანელების კონტრშეტევის დროს გერმანელთა საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა ჯერ გრილიშმა კარგი პასი მისცა ფაქტობრივად მარტო მყოფ ჰარი კეინს, ხოლო ინგლისელთა კაპიტანმა თავით ევრო-2020-ზე თავისი პირველი გოლი გაიტანა.
ინგლისმა 2001 წლის მერე პირველად გერმანია ოფიციალურ მატჩში დაამარცხა.
მსოფლიო 1966 წლის ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, როდესაც ინგლისმა გერმანია „უემბლიზე“ 4:2 დაამარცხა, ბრიტანელებმა ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატების პლეი-ოფში ბუნდესნაკრებს პირველად აჯობეს.
ინგლისი მიმდინარე ევროპირველობაზე დარჩენილი გუნდებიდან ერთადერთია, რომელსაც ჯერ გოლი არ გაუშვია.
ინგლისის ნაკრებმა 1968 წლის შემდეგ პირველად ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფი ძირითად დროში მოიგო.
გერმანიის ნაკრები ევრო-2004-ის შემდეგ პირველად ევროპის ჩემპიონატების 1/4-ფინალში ვერ გავიდა. მაშინ, ბუნდესნაკრები ჯგუფში დარჩა, სადაც ნიდერლანდებთან, ჩეხეთთან და ლატვიასთან ერთად გამოდიოდა.
გერმანიის ნაკრები არსებობის ისტორიაში პირველად დიდი ტურნირების 1/4-ფინალში ზედიზედ მეორედ ვერ გავიდა. გერმანელებმა მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატში ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლიეს.
იოახიმ ლიოვმა გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ბოლო მატჩი ჩაატარა. მას „ბაიერნის“ ექსთავკაცი ჰანს ფლიკი შეცვლის.
ლიოვის ხელმძღვანელობით გერმანელებმა მსოფლიო 2014 წლის ჩემპიონატი მოიგეს, რომელიც ბრაზილიაში ჩატარდა. მაშინ, ლიოვსი შეგირდებმა ფინალში დამატებით დროში არგენტინა 1:0 დაამარცხეს.





