ბელგია და დანია ჯგუფიდან გავიდნენ, რუსეთი 1/8-ფინალს მიღმა დარჩა

0
13

დანიის ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა ევრო-2020-ზე B ჯგუფში ზედიზედ 2 თამაშის წაგების მიუხედავად, მესამე შეხვედრის მოგება და 1/8-ფინალში გასვლა მოახერხა.

დანიელები კოპენჰაგენში „პარკენ სტადიონზე“ რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 4:1 გაიმარჯვეს.

შეხვედრის 38-ე წუთზე ანგარიში მიკელ დამსგარდმა გახსნა და სკანდინავიელებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს. დამსგარდი 20 წლის და 353 დღის ასაკში დანიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც ევროპის პირველობებზე გოლი გაიტანა.

59-ე წუთზე, რუსების კარი იურაი პოულსენმა აიღო. 70-ე წუთზე, არტიომ ძიუბამ პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა.

79-ე წუთზე, ანდრეას კრისტიანსენმა მეტოქის კარი მესამედ აიღო, ხოლო 82-ეზე წერტილი იოაკიმ ვეილემ დასვა.

დანიელებმა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, დიდ ტურნირებზე ერთ მატჩში 4 გოლი პირველად გაიტანეს.

დანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველია, რომელმაც ჯგუფში 2 თამაში წააგო, მაგრამ პლეი-ოფში მაინც გავიდა.

დანიის ნაკრებმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და 26 მაისს 1/8-ფინალში ლონდონში უელსს შეხვდება.

რუსეთის ნაკრები ამ მარცხის შემდეგ 3 ქულით ჯგუფში ჩარჩა. რუსები ზედიზედ მესამე ევროპის ჩემპიონატში პლეი-ოფში ვერ მოხვდნენ. აღსანიშნავია, რომ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე რუსები 9-ჯერ მონაწილეობდნენ და პლეი-ოფში მხოლოდ 2-ჯერ გავიდნენ.

რუსეთის ნაკრებმა სტანისლავ ჩერჩესოვის ხელმძღვანელობით არსებობის მანძილზე ყველაზე მეტი 20 თამაში წააგო.

რუსებმა ევრო-2020-ზე ჯგუფში 7 გოლი გაუშვეს. ამაზე უარესი შედეგი მხოლოდ ევროპის 1996 წლის ჩემპიონატზე ჰქონდათ, როდესაც ორ თამაშში კარში ჩერჩესოვი იდგა.

B ჯგუფის მეორე მატჩში ბელგიამ სანკტ-პეტერბურგში „გაზპრომ არენაზე“ ფინეთს 2:0 აჯობა.

თამაშის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 74-ე წუთზე, ბელგიელებმა კუთხური მოაწოდეს და ვერმალენის თავურის მერე ძელს მოხვდა ბურთი, ხოლო ფინელთა მეკარე მის დაჭერას ეცადა, მაგრამ ავტოგოლი მიითვალა. მიმდინარე ევროზე ეს უკვე მე-6 ავტოგოლია.

81-ე წუთზე, ფინელების კარი რომელუ ლუკაკუმ აიღო და ბელგია მიმდინარე ჩემპიონატში მესამე გუნდი გახდა, რომელმაც ჯგუფში სამივე შეხვედრა მოიგო. მანამდე, ეს იტალიამ და ნიდერლანდებმა მოახერხეს.