ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრო-2020-ზე ზედიზედ მეორე შეხვედრა ვერ მოიგო.
E ჯგუფის მეორე ტურში, სევილიაში „ოლიმპიურ“ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ესპანელები პოლონელებს დაუზავდნენ – 1:1.
მატჩის 25-ე წუთზე ხერარდ მორენომ პოლონელთა საჯარიმოში ალვარო მორატა მოძებნა, რომელმაც მცველებს დაასწრო და ერთი შეხებით გაიტანა. ესპანელებმა ტაიმი 1:0 მოიგეს.
მეორე ტაიმში დაწყებიდან 10 წუთში იუჟვიაკმა მარჯვენა ფლანგიდან ბურთი ესპანელთა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც რობერტ ლევანდოვსკიმ საჰაერო ორთაბრძოლა ემერიკ ლაპორტს მოუგო და თავით ანგარიში გაათანაბრა.
მან პოლონეთის ნაკრებში ჩატარებულ 121 შეხვედრაში 67 გოლი მიითვალა. ლევანდოვსკი პორტუგალიელ რონალდუსთან ერთად მეორე მოთამაშეა, რომელთაც ბოლო სამ ევროპირველობაზე მეტოქეთა კარი აიღეს.
გარდა ამისა, ლევანდოვსკი პოლონეთის ნაკრების ისტორიაში ერთადერთია, რომელმაც თავი სამ ევროპის ჩემპიონატზე გამოიჩინა – 2012, 2016 და 2020.
58-ე წუთზე, პოლონელთა მახევარმცველმა მოდერმა თავის საჯარიმოში ფეხი მორენოს დააბიჯა და VAR-ზე გადამოწმების მერე მსაჯმა პენალტი დანიშნა.
თერთმეტმეტრიანი თავად მორენომ შეასრულა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა, ხოლო მორატამ არაზუსტად დაამატა.
მორენომ მიმდინარე ჩემპიონატზე მე-5 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პენალტი ვერ გაიტანა. საერთო ჯამში, ევრო-2020-ზე 9 თერთმეტმეტრიანი დაინიშნა.
აქვე გეტყვით, რომ ესპანელებმა ბოლო მატჩებში ზედიზედ 4 პენალტი ვერ გაიტანეს – მორენომდე თავისი შანსი 2-ჯერ სერხიო რამოსმა ვერ გამოიყენა, ხოლო ერთხელ აბელ რუისმა.
სხვათა შორის, ევროპის პირველობების ფინალურ ეტაპებზე ვერგატანილი პენალტების რაოდენობით ესპანელები ანტირეკორდსმენები არიან. მათ 6 თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანეს. მორენომდე, პენალტი დანიმ, კარასკომ, მიჩელმა, რაულმა და სერხიო “გააფუჭეს”.
პოლონეთის ნაკრებში შეცვლაზე კაცპერ კოზლოვსკიმ ითამაშა, რომელიც 17 წლისა 246 დღის ასაკში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელსაც ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე უთამაშია. მან გასულ კვირაში ინგლისელი ჟუდ ბელინგემის მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა.
1996 წლის შემდეგ პირველად. ესპანეთმა ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ 2 თამაში ვერ მოიგო.
