საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა და ვიცეკაპიტანი მცველი გურამ კაშია კარიერას სლოვაკეთის ბრატისლავის „სლოვანში“ გააგრძელებენ.
„სლოვანმა“, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი ვლადიმირ ვაისი წვრთნის ქართველი ფეხბურთელები დღეს ოფიციალურად წარადგინა.
ჯაბა კანკავა: “სლოვანი” ტრადიციული და დიდი კლუბია. აქ თამაშს მოუთმენლად ველოდები. მინდა ყველაფერი გავაკეთო და ჩემი თვისებები მოედანზე ვაჩვენო. ვენდობი მწვრთნელ ვაისს და მის ხედვას, მსურს, მას დავეხმარო ისევე, როგორც მანამდე ის დამეხმარა”.
გურამ კაშია: “ძალიან ბედნიერი ვარ. ვიცი, რა მიზნები აქვს “სლოვანს” და რა არის ჩემგან მოსალოდნელი. სტადიონი მშვენიერია, საფეხბურთო სულისკვეთება იგრძნობა. კარგად ვიცნობ ვლადიმირ ვაისს, ის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია და ასევე შესანიშნავი ადამიანია. ახლა მინდა, კარგად მოვემზადო და შემდეგ შევეცდები, ამ კლუბისთვის და გულშემატკივრებისთვის დავიხარჯო”.
ვლადიმირ ვაისი: “სრულად ვენდობი ორივე ფეხბურთელს. მათ ნაკრებში თითქმის 100-100 მატჩი აქვთ ჩატარებული. ვეტერანები არიან, მაგრამ დიდი გამოცდილება აქვთ და ამიტომ დავიმატეთ. დღეს საღამოს ჩვენთან ერთად ივარჯიშებენ.”
კაშიამ მიმდინარე სეზონში თბილისის “ლოკომოტივში” დაიწყო, სადაც 16 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ხოლო კანკავამ გასული სეზონი საფრანგეთის ლიგა 2-ის “ვალანსიენში” გაატარა.
“სლოვანი” ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე ირლანდიის “შემროკ როვერსს” შეხვდება.
“სლოვანი” ჩეხოსლოვაკიის/სლოვაკიის 23-გზის ჩემპიონი და 15-გზის თასის მფლობელია. ბრატისლაველებმა 1968-1969 წლების სეზონში ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგეს.








