ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში ნახევარმცველ სერხიო ბუსკეტსის შემდეგ, კორონავირუსი მცველ დიეგო ლორენტეს დაუდასტურდა.
ამის შესახებ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იუწყება.
8 ივნისს ესპანელებმა ამხანაგური მატჩი ლიტვასთან (4:0) ჩაატარეს და ახალგაზრდული შემადგენლობით ითამაშეს, რადგან ბუსკეტსის დაინფიცირების შემდეგ, „ფურია როხა“ ევრო-2020-ის სტარტამდე ცდილობს გარე სამყაროსგან მაქსიმალურად იზოლირებული იყოს.
ლუის ენრიკეს გუნდში კორონავრუსით ორი ფეხბურთელის დაინფიცირების გამო, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ 6 მოთამაშისთვის ცალკე საწვრთნელი ბანაკი შექმნა, რათა საჭიროების შემთხვევაში ისინი ნაკრების განაცხადში შეიყვანონ.ეს ფეხბურთელები არიან: მეკარე კეპა არისაბალაგა („ჩელსი“), მცველი რაულ ალბიოლი („ვილიარეალი“), ნახევარმცველები: კარლოს სოლერი („ვალენსია“), ბრაის მენდესი („სელტა“), პაბლო ფორნალსი („ვესტ ჰემი“), თავდამსხმელი როდრიგო მორენო („ლიდსი“).
