ეუსებიო დი ფრანჩეკო „ვერონას“ მთავარ მწვრთნელად დანიშნეს.
კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 51 წლის იტალიელმა სპეციალისტმა 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან ვერონელთა თავკაცის თანამდებობაზე ივან იურიჩი შეცვალა.
გასულ სეზონში დი ფრანჩესკო „კალიარის“ ავარჯიშებდა, მაგრამ თანამდებობიდან თებერვალში დაითხოვეს.
მას კარიერაში ყველაზე წარმატებული პერიოდი „რომაში“ ჰქონდა, სადაც 2017-2019 წლებში მუშაობდა.
დი ფრანჩეკოს ხელმძღვანელობით რომაელები ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გავიდნენ, რაც ბოლო 34 წლის მანძილზე გუნდის მიერ ევროთასებზე ნაჩვენები საუკეთესო შედეგი იყო. მით უმეტეს, რომ მისმა შეგირდებმა 1/4-ფინალში ორი მატჩის ჯამში „ბარსელონა“ დაამარცხეს.
გარდა ამისა, დი ფრანჩესკოს ხელმძღვანელობით „რომამ“ ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა.
