შენგელიას 18 ქულა და მარცხი ოთხთა ფინალის მე-3 ადგილისთვის მატჩში

0
32

მოსკოვის ცსკა-მ, სადაც თორნიკე შენგელია გამოდის, ევროლიგის ოთხთა ფინალის მესამე ადგილისთვის მატჩი იტალიის „ოლიმპია მილანთან“ 73:83 წააგო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პარკეტზე 28:07 წუთი გაატარა.

მან 18 ქულა დააგროვა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შედეგია. გარდა ამისა, ქართველმა მძიმე ფორვარდმა 9 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

შენგელიამ 11-დან 6 ორქულიანი და ორიდან 1 სამქულიანი გამოიყენა. ამასთანავე მან 3-დან 3 საჯარიმო ზუსტად ესროლა.

აქვე გეტყვით, რომ ქართველი კალათბურთელი მატჩის საუკეთესო პასისა და „ჩატენვის“ ავტორი გახდა.

შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი 26 იყო, რაც როგორც ცსკა-ში, ასევე, „ოლიმპია მილანოში“ საუკეთესო მაჩვენებელია.

ცსკა-მ, რომელმაც გასულ სეზონში ევროლიგა მოიგო, წელს მეოთხე ადგილი დაიკავა.

ევროლიგის გამარჯვებული არსებობის ისტორიაში პირველად თურქული „ანადოლუ ეფესი“ გახდა, რომელმაც ფინალში „ბარსელონა“ 86:81 დაამარცხა.