ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურში სევილიის „ბეტისმა“ შინ „გრანადას“ 2:1 სძლია.
მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში ხოაკინმა ითამაშა, რომელიც 72-ე წუთზე შეცვალეს.
39 წლის ესპანელმა გარემარბმა „ბეტისში“ 461 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით კლუბის ყველა დროის რეკორდსმენი გახდა.
მან ხოსე რამონ ესნაოლოს (460 შეხვედრა) მიღწევა გააუმჯობეს.
მიმდინარე სეზონში ხოაკინმა სევილიელთა მაისურით ყველა ტურნირზე 28-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.
ხოაკინმა პროფესიონალური კარიერა „ბეტისში“ დაიწყო, სადაც 2000-2006 წლებში ყველა ტურნირზე 256-ჯერ იასპარეზა და 35 გოლი მიითვალა.
შემდეგ, ის „ვალენსიაში“, „მალაგასა“ და „ფიორენტინაში“ გამოდიოდა.
ხოაკინი „ბეტისში“ 2015 წელს დაბრუნდა და 203 შეხვედრაში მეტოქეები 23-ჯერ დაამწუხრა.
შეგახსენებთ, რომ ხოაკინი ლა ლიგაში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა.
