პეპ გვარდიოლა: „ვეცდებით, რომ მეტოქეს თავს საკუთარი თამაში მოვახვიოთ“

0
34

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელის პეპ გვარდიოლას თქმით, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში, მისი გუნდი ეცდება მეტოქეს თავს საკუთარი თამაში მოახვიოს.

„პსჟ დიადი გუნდია, რაც ყველამ იცის. ამ გუნდს გამარჯვებისთვის იმის შექმნა შეუძლია, რასაც ბევრი არ ელოდება. რა თქმა უნდა, ვიცი მეტოქეს რა შეუძლია, რადგან კარგად გვახსოვს მოედანზე რასაც აკეთებს. ამავე დროს ჩვენც ვიცით, რომ საუცხოოდ თამაში შეგვიძლია. მომავალ მატჩში მოედანზე კვლავ ის უნდა გავაკეთოთ, რაც ვიცით. ეს რთული არაა.

ჩვენ იმავე სიძნელეები გველოდება, რაც პირველ შეხვედრაში. პსჟ-ს ძალიან ჭკვიანი მწვრთნელი ჰყავს და შესაძლოა, ტაქტიკა შეცვალოს. მე არ ვიცი მოწინააღმდეგე რას შემოგვთავაზებს.

კონცეტრაცია საკუთარ თამაშზე უნდა მოვახდინოთ, საჭიროა თამაში ერთად წავიკითხოთ, რთულ მომენტებში ერთად ვიყოთ და სიძნელეები ერთად გადავლახოთ. ყველანაირად  ვეცდებით, რომ მეტოქეს თავს საკუთარი თამაში მოვახვიოთ. დაცვაში კარგად უნდა ვითამაშოთ, მოვითმინოთ და გოლის გატანას ვეცადოთ.

2019 წელს „ტოტენჰემთან“ მატჩის სცენარი? წინასწარ ვერ ვიტყვი მომავალ თამაშში რა იქნება. ეს სხვა გუნდი და სხვა მოვლენაა. წარსული ეს წარსულია და ჩვენი მოგონება შესაძლოა ბედნიერი ან სამწუხარო იყოს. მაშინ, საუცხოოდ ვითამაშეთ, მაგრამ შემდეგ ეტაპზე ვერ გავედით. ახლა ფინალში მოხვედრას ვეცდებით.

ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ნახევარფინალების საპასუხო მატჩები ყოველთვის რთულია. თამაშს პირველ შეხვედრაში ნაჩვენებ შედეგზე დაყრდნობით იწყებ და გავიწყდება რა უნდა გააკეთო – მატჩი მოიგო. ყოველთვის ასე იყო. ფინალი ეს სულ სხვა ისტორიაა“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

„მანჩესტერ სიტიმ“ პირველი თამაში სტუმრად 2:1 მოიგო.