„ინტერის“ მე-19 და კონტეს მე-4 სკუდეტო

0
32

მილანის „ინტერმა“ ჩემპიონის ტიტული სერია A-ს დასრულებამდე 4 ტურით ადრე გაინაღდა.

მილანელები მას მერე გაჩემპიონდნენ, რაც „ატალანტამ“ „სასუოლოსთან“ 1:1 ითამაშა და ანტონიო კონტეს გუნდი კონკურენტებისთვის მიუღწეველია. „ინტერს“ სეზონის დასრულებამდე 82 ქულა აქვს, ხოლო „ატალანტასა“ და „მილანს“ – 69-69.

„ინტერმა“ ჩემპიონატი 2009-2010 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოიგო, ხოლო საერთო ჯამში მე-19 სკუდეტო მოიპოვა.

კონტემ სამწვრთნელო კარიერაში მე-4 სკუდეტო მოიპოვა. მანამდე, მან ოქროს მედლები „იუვენტუსს“ მოაპოვებინა – 2011-2012, 2012-2013 და 2013-2014 წლებში.

იტალიური ფეხბურთის ისტორიაში კონტეს გარდა, 4 ან მეტი სკუდეტო ხუთმა მწვრთნელმა მოიგო – ჯოვანი ტრაპატონიმ (7), მასიმილიანო ალეგრიმ (6), ფაბიო კაპელომ (5), მარჩელო ლიპიმ (5) და კარლო კარკანომ (4).

კონტე სერია A-ს ისტორიაში ჯოვანი ტრაპატონის შემდეგ მეორე მწვრთნელია, რომელმაც იტალიის ჩემპიონატი „იუვენტუსსაც“ მოაგებინა და „ინტერსაც“.