“დინამო” მეოთხედფინალშია, პლეი ოფის ბოლო საგზური კი “ტიტებს” ან თსუ-ს ერგება

0
51

დასრულდა სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა მატჩი, რომელშიც “დინამომ” “კაკტუსი” 94:63  დაამარცხა და ამ მატჩმა ბევრი რამ გაარკვია. მივყვეთ დეტალურად, თუ რა ვითარებაა სუპერლიგის ცხრილში და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები.
დავიწყოთ იმით, რომ დინამოელებმა “კაკტუსთან” მატჩის წინ შესანიშნავი ამბავი გაიგეს: “ბათუმი” “ოლიმპთან” დამარცხდა, რითაც “დინამო” პლეი ოფში გავიდა. ანუ დინამოელებს “ტიტებთან” რომც წაეგოთ, პლეი ოფში, ანუ საუკეთესო 8 გუნდში მაინც ხვდებოდნენ. ამის მიუხედავად, დინამოელებმა 31 ქულის სხვაობით სძლიეს კაკტუსს, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ კაკტუსელთათვის ამ მატჩის შედეგს მნიშვნელობა არ ჰქონდა. ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში ეს გუნდი მეხუთე ადგილზე გადიოდა, რადგან მესამეზე მყოფ “ცხუმ-აფხაზეთს” ვერაფრით ეწეოდა.
დინამომ იმარჯვა და გარანტირებულად დაიკავა მეშვიდე ადგილი. ამ პოზიციაზე დაბლა მუჰამედ ტაჩის გუნდი ვეღარ ჩამოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ პლეი ოფის პირველ, მეოთხედფინალურ სერიაში დინამოელები მეორე ადგილზე გასულ “ქუთაისს” შეხვდებიან.
მთელი ბრძოლა ახლა პლეი ოფში გამსვლელ მერვე ადგილისთვისაა. პრინციპში, არსებობს ორი ვარიანტი. ბოლო მატჩში ერთმანეთს “ქუთაისი” და “ტიტები” ხვდებიან. თუკი მატჩი ქუთაისშია და თუკი მასპინძლები მოიგებენ, ტიტები მეცხრე ადგილზე დაასრულებს რეგულარულს და შესაბამისას სეზონს, ხოლო თუკი მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილი “ტიტები” იმარჯვებენ, პლეი ოფის ბოლო, მერვე სააგზურს მოიპოვებენ. “ტიტების” ქუთაისში დამარცხების შემთხვევაში პლეი ოფის ბოლო საგზური თსუ-ს ერგება და აი, რატომ:
ასეთ შემთხვევაში 3 გუნდი: “ბათუმი”, “ტიტები” და თსუ აგროვებენ თანაბარ მოგებ-წაგებებს (8-12) და მათ შორის საუკეთესო ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით ვლინდება. ამ საზომით კი თსუ საუკეთესოა და სუპერლიგის ცხრილში დაიკავებს მერვე ადგილს. შემდეგ მოდიან “ტიტები” (მეცხრე პოზიცია) და “ბათუმი” (მეათე). დებულების თანახმად, მეათე ადგილზე გასული გუნდი სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად “ა” ლიგის ფინალში დამარცხებულ გუნდთან თამაშობს საკვალიფიკაციო სერიას სამ მოგებამდე. იმასაც შეგახსენებთ, რომ სუპელიგიდან გავარდა ცხრილში მე-11 ადგილზე გასული “მგზავრები”, რომლის ადგილსაც მომავალი სეზონისთვის “ა” ლიგის გამარჯვებული დაიკავებს.
სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩი ქუთაისში, 18 აპრილს, 15:00 საათზე გაიმართება: ქუთაისი – ტიტების წინააღმდეგ.

გუნდი მ/წ
1. რუსთავი 17/2 36
2. ქუთაისი 13/6 32
3. ცხუმ-აფხაზეთი 11/8 30
4. კაკტუსი 10/10 30
5. ვერა 10/10 30
6. ოლიმპი 10/10 30
7. დინამო 9/11 29
8. ბათუმი 8/12 28
9. თსუ 8/12 28
10. ტიტები 8/11 27
11. მგზავრები 4/16 24