
„ინდიანა პეისერსმა“, სადაც გოგა ბითაძე გამოდის, დასავლეთ კონფერენციის ლიდერსა და ეროვნული საკალთბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის ჯერჯერობით საუკეთესო გუნდ „იუტა ჯაზთან“ სტუმრად 111:119 წააგო.
ბითაძემ მოედანზე გატარებულ 12:25 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ეროვნული ნაკრების 21 წლის ცენტრმა 4-დან 3 სამქულიანი, 2-დან ერთი ორქულიანი და 2-დან ორივე საჯარიმო გამოიყენა.
„პეისერსს“ დომანტას საბონისმა ულიდერა – 22 ქულა, 15 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა. კრის ლევერტის ანგარიშზე 24 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი პასია.
„იუტა ჯაზში“ ბოიან ბოგდანოვიჩმა 24 ქულა მოიპოვა, პლუს 3 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა.
„ინდიანა პეისერსი“ 26 მოგებითა და 29 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა. ინდიანელები მომდევნო თამაშს 18 აპრილს სტუმრად „ატლანტა ჰოუქსთან“ ჩაატარებენ.
