უეფას ჩემპიონთა ლიგას მიმდინარე სეზონში ახალი გამარჯვებული ეყოლება.
გასული სეზონის გამარჯვებულმა მიუნხენის „ბაიერნმა“ 1/4-ფინალის პირველი შეხვედრა შინ პსჟ-სთან 2:3 წააგო, ხოლო გუშინ გამართულ საპასუხო მატჩში პარიზში 1:0 მოიგო, მაგრამ გათამაშებას გამოეთიშა.
„ბაიერნიდან“ ერთადერთი გოლი ჩუპო-მოტინგმა გაიტანა, რომელმაც თავი პირველ შეხვედრაშიც გამოიჩინა. პსჟ-ს მეტოქის კარის აღება არაერთხელ შეეძლო, მაგრამ ვერ მოახერხა. თუნდაც ის რად ღირს, რომ ფრანგული კლუბის ლიდერის ნეიმარის დარტყმების შემდეგ ერთხელ ბურთი ზედა ძელს მოხვდა, ხოლო მეორედ – გვერდით ძელს.
ჩემპიონთა ლიგის არსებობის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ტურნირის მოქმედი გამარჯვებული გათამაშებას 1/4-ფინალში იმ გუნდთან გამოეთიშა, რომელიც წინა სეზონში ფინალში დაამარცხა.
პსჟ 1/2-ფინალში „მანჩესტერ სიტისა“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.
მანჩესტერელებმა შინ პირველი თამაში 2:1 მოიგეს, ხოლო დღეს საპასუხო მატჩს დორტმუნდში ჩაატარებენ.





