საქართველოს ფუტსალისტთა ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.
შესარჩევი ციკლის მე-2 ჯგუფის მე-5 ტურში ავთანდილ ასათიანი გაწვრთნილმა საქართველოს ეროვნულმა გუნდმა საფრანგეთს უმასპინძლა და 3:2 გაიმარჯვა.
ქართველებმა ჯგუფში 10 ქულა დააგროვეს და მე-2 ადგილი გაინაღდეს, რაც ევროპის ჩემპიონატზე თამაშის საშუალებას აძლევთ.
მე-3 წუთზე ანგარიში ნგალამ გახსნა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ბრაზილიელმა თალესმა საპასუხო ბურთი საჯარიმო დარტყმის შემდეგ მე-6 წუთზე გაიტანა. ცოტა ხანში, კუთხურიდან ფუმასას გადაცემის შემდეგ, რონინიომ მასპინძლები დააწინაურა.
სტუმრებმა თანაფარდოვა მე-13 წუთზე აღადგინეს, როდესაც ბელჰაჯიმ კუპატაძის კარი ახლო მანძილიდან აიღო.
პირველი ტაიმის დასრულებას რამდენიმე წამი აკლდა, რომ კუთხურის გათამაშების დროს რონინიომ ბურთი თალესს გადააწოდა, რომელმაც დუბლი შეასრულა – 3:2.
მეორე ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა და ფუტსალისტთა ნაკრები არსებობის ისტორიაში პირველად ევროპირველობის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში ბოლო თამაშს 12 აპრილს სტუმრად რუსეთთან ჩაატარებს, რომელმაც ევრო-2022-ის საგზური უკვე მოიპოვა.
ევრო 2022-ის ჩემპიონატის საგზურს საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის რვა გამარჯვებული და ექვსი საუკეთესო მეორე ადგილზე გასული გუნდი მიიღებს.
კიდევ ერთი საგზურის მფლობელის ვინაობა, ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ რეიტინგის ბოლო ორ ნაკრებს შორის პლეი-ოფის სისტემით გაირკვევა. ფუტსალში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატს ნიდერლანდები უმასპინძლებს.
საქართველო – საფრანგეთი 3:2(3:2)
საქართველო: კუპატაძე, რონინიო, თალესი, ბინიო, ელისანდრო
სათადარიგო შემადგენლობა: ბუკია, შაგინია, ღავთაძე, თოფურია, კეკელია, თოდუა, ჯვარაშვილი, ფუმასა, პეტრი ბრანკო
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
საფრანგეთი: ჰარუნი, რამირესი, მუჰამედი, ნ’გალა, მუუდინი
სათადარიგო შემადგენლობა: დუღოტი, ბელჰაი, ტურე, კებე, ბა, ლუტინი, ზაკეჰი, ალლა, ანდრადე
მთავარი მწვრთნელი: პიერ ჟაკი
გოლები: 0:1 ნ’გალა (02:33), 1:1 თალესი (05:14), 2:1 რონინიო (05:30), 2:2 ბელჰაი (12:25), 3:2 თალესი (19:54)
გაფრთხილება: 01:22′ კუპატაძე, 15:49′ რამირესი, 19:08′ მუჰამედი, 39:49 პეტრი ბრანკო
მსაჯები: იური ნევეროვი (რუსეთი), გრიგორი ზელენცოვი (რუსეთი), ზვიად ბლიაძე (საქართველო)
