პაოლო როსი – განუმეორებელი გოლეადორი

0
56

…საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ პაოლო როსის ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორ გგონიათ, დიდ ბომბარდირად ფეხბურთელები იბადებიან თუ დროთა განმავლობაში ყალიბდებიანო. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის ტრიუმფატორს ბევრი არ უფიქრია და უპასუხა – ბომბარდირად იბადებიან, ოღონდ ტალანტს ყოველდღიური განვითარება და გამოცდილების დაგროვება სჭირდებაო. როსი საკუთარი მაგალითითაც მსჯელობდა – იგი დაბადებით დიდი ფორვარდი იყო. ბავშვობიდან თავისი განუმეორებელი, ელეგანტური სტილი ჰქონდა, მინდორზე ბევრს მანევრირებდა და კარის სიახლოვეს ზუსტად იქ ჩნდებოდა, სადაც პარტნიორი აგზავნიდა ბურთს. განსაკუთრებულად გამოირჩეოდა პაოლოს მიერ გატანილი გოლებიც. იგი იშვიათად აშამათებდა მეტოქეთა მეკარეებს ყუმბარისებული დარტყმებით და აქცენტს მცველების მეურვეობისგან თავის დაღწევის შემდეგ ბურთისთვის მიმართულების შეცვლას კარისკენ მასზე ფეხისა თუ თავის წაკვრით ახერხებდა. სამი ათეული წელიწადია პაოლო როსი სათამაშოდ არ გადის, მაგრამ გულშემატკივარს კარგად ახსოვს მისი ცბიერი, მოულოდნელი მანევრი და დასკვნითი ჟესტი თუ აკორდი – ბურთის ერთი შეხებით გოლის გატანა.

პაოლო როსი 1956 წლის 23 სექტებერს პრატოში დაიბადა. მას პატარაობიდან მამა ასწავლიდა საფეხბურთო ანბანს. მომავალი ვარსკვლავის მშობელი ქსოვილების ფაბრიკის მუშა იყო, `ფიორენტინას” თავგადაკლული ქომაგი გახლდათ და ოცნებობდა მის შვილს ოდესმე ფლორენციელთა გუნდში ეთამაშა. მამის დაჟინებული მოთხოვნით 10 წლის პაოლო პრატოს `ამბროზიანას” ბავშთა გუნდში ჩარიცხეს, საიდანაც `კატოლიკა ვირტუსში” გადავიდა. როსი ადრეული ასაკიდან გამოირჩეოდა ბომბარდირული თვისებებით და მის საფეხბურთო ტალანტზე გავცრელებულმა ხმამ ტურინამდეც კი ჩააღწია – 15 წლის პაოლოს სანახავად პრატოს `იუვენტუსის” სკაუტები ეწვივნენ. ჯგუფს გამოცდილი სპეციალისტი იტალო ალოდი ხელმძღვანელობდა, რომელმაც დამწყებ ფორვარდს დადებითი რეკომენდაცია გაუწია და როსიც საფეხბურთო კარიერის გასაგრძელელად ტურინში გაემგზავრა.

სამი წელი ითამაშა პაოლომ `იუვეს” ჭაბუკთა გუნდებში და მის ნიჭიერებაშიც ეჭვი არავის შეჰქონდა, მაგრამ ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ხელისშემშლელმა ტრივიალურმა მიზეზმა პაოლოს შემთხვევაში თავი თინეიჯერულ ასაკში იჩინა – როსის ორივე მუხლზე სამი ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. თავდამსხმელს სარეაბილიტაციო  პერიოდი დროში გაეჭიმა და 17 წლისამ გადაწყვიტა აქცენტი ფეხბურთთან ერთად სწავლაზეც გაეკეთებინა. თუკი აქამდე ტურინელთა გრანდის მწვრთნელები პაოლოს იმედით თვალით შესქერდნენ, მუხლებზე გადატანილი ქირურგიული ოპერაციების შემდეგ როსიზე ხელი ჩაიქნიეს და იგი იმხანად სერია ა-ს ბინადარ `კომოში” გაუშვეს. ეს 1975 წლის ოქტომბერში მოხდა. ოფიციალურად არენდა გაფორმდა, თუმცა, შეთანხმებას უცნაური სახე ჰქონდა – მანამდე მიღებული წესის თანახმად, `კომო” კი არ უხდიდა ფულს პაოლოს მეპატრონე კლუბს, არამედ როსის საქმეში შემოწმებისა და სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით ტურინელებს უნდა გადაერიცხათ გარკვეული თანხა კომოელთა კლუბის საბანკო ანგარიშზე. ექვსი მატჩი ჩაატარა პაოლომ ახალი გუნდის შემადგენლობაში და პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ექვსივე ჩააგდო. `მხოლოდ მამას თუ სჯროდა ჩემი და საფეხბურთო კარიერას წერტილი რომ არ დავუსვი, მთლიანად მხოლოდ მისი დამსახურებაა”, – ასე იგონებს იმ მძიმე პერიოდს ”სკუადრა აძურას” ყოფილი გოლეადორი.

`კომომ” როსის შემდგომ სამსახურზე უარი განაცხადა, პაოლო არც `იუვენტუსს” სჭირდებოდა და ტურინელებმა იგი `ვიჩენცაში” გაასხვისეს, თუმცა, გაფორმებული კონტრაქტის თანახმად ფორვარდზე უარი არ უთქვამთ და როსი ორივე კლუბის `სანახევრო მფლობელობაში” გადავიდა. `ვიჩენცა” სერია ბ-ში გამოდიოდა და პაოლოსაც რეგულარული თამაშის საშუალება მიეცა. მან როგორც იქნა `თავის” მწვრთნელს მიაგნო. ჯანბატისტა ფაბრის როსი თავიდანვე მიუვიდა თვალში და ბევრისთვის მოულოდნელი სვლა გააკეთა, რომელმაც მოგვიანებით გაამართლა. გამოცდილმა მწვრთნელმა კაფანდარა ფეხბურთელს პოზიცია შეუცვალა – თუ მანამდე პაოლო მარჯვენა ან მარცხენა ინსაიდის ფუნქციებს ასრულებდა, ფაბრიმ თამამი, სარისკო გადაწყვეტილება მიიღო და როსი ცენტრფორვარდად აქცია.

დამრიგებლის ექსპერიმენტმა მომენტალურად გამოიღო სათანადო შედეგი. 1976-77 წლების სეზონში პაოლო როსი 21 გატანილი გოლით სერია ბ-ს საუკეთესო გოლეადორი გახდა, ვიჩენცელები კი უმაღლეს დივიზიონში გადავიდნენ. იმ პერიოდში საფეხბურთო კარიერას ასრულებდა რობერტო ბონინსენია და `იუვე” მისი ჯეროვნად შემცვლელის მოძიებით იყო დაკავებული. სამი კანდიდატურაც შეირჩა – `ბებერ ქალბატონს” საბოლოო არჩევანი ანტონიო პიეტრო პაოლო ვირდისს, რობერტო პრუცოსა და პაოლო როსის შორის უნდა გაეკეთებინა. ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, ტურინელთა კლუბის უფროსები ვირდისის კანდიდატურაზე შეჩერდნენ. დრომ მათი გადაწყვეტილების სიმცდარე დაადასტურა. ვირდისი ურიგო ფორვარდი არ იყო, მაგრამ პრუცოსა და განსაკუთრებით როსისთან ახლოს მაინც ვერ მივიდა. `იუვენტუსი” კი სულ რაღაც ნახევარ სეზონში მიხვდა, როსის იგნორირებით შეცდომა რომ დაუშვა – პაოლო დღითიდღე უმატებდა თამაშს და გოლი გოლზე გაჰქონდა. ტურინში ცენტრფორვარდის დაბრუნების გზების მოძიებაზე იწყეს ფიქრი და გაახსენდათ, როსი სანახევროდ მათ მფლობელობაშიც რომ იყო. ვიჩენცაში სასწრაფოდ ემისრები აფრინეს და პაოლოს იმჟამინდელ გუნდს სოლიდური თანხის სანაცვლოდ კონტრაქტის მთლიანად გამოსყიდვა შესთავაზეს. `ვიჩენცამ” ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, როსის არასდიდებით არ შეველევითო და სიტუაციის საბოლოოდ გარკვევა მეტად უცნაური ფორმით მოხდა. ორივე კლუბის წარმომადგენლებმა კონვერტში იმ თანხის რაოდენობა მიუთითეს, რომლის გადახდასაც ყაბულს იყვნენ პაოლო როსის მთლიანად გამოსყიდვის სანაცვლოდ. როდესაც კონვერტები გახსნეს, ყველამ გაოცებისგან პირი დააღო – აღმოჩნდა, რომ `იუვენტუსი” მხოლოდ მილიონნახევრის გასაღებად იყო მზად, ვიჩენცელთა მიერ წინასწარ ჩაწერილი თანხა კი ორჯერ მეტი იყო! 1977-78 სეზონის მიწურულს 24 გატანილი გოლით როსი აპენინელთა უპირველესი ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ფორვარდის შედეგიანი გამოსვლის წყალობით კი სერია ა-ს დებიუტანტი `ვიჩენცა” იტალიის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ეროვნულ პირველობაზე თავის გამოჩენისა და 1977 წლის დეკემბერში `სკუადრა აძურას” რიგებში მიწვევის მიუხედავად, თავად პაოლოს ნაკლებად სჯეროდა, რომ მას არგენტინის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშს მიანდობდნენ: `ნაკრებში მრავლად იყვნენ მაღალი კლასისა და ჩემზე გაცილებით უფრო გამოცდილი ფორვარდები. სავოლდის, პრუცოს, ნოველინოსა და გრაციანის სამუნდიალო შანსი ჩემსაზე უკეთ გამოიყურებოდა, მე კი ვფიქრობდი, არგენტინაში რომც წამიყვანონ, სათადარიგოთა სკამზე მომიწევს ყურყუტი”.

იტალიელთა დამრიგებელმა ენცო ბეარზოტმა კი სხვაგვარად განსაჯა – მან ჯეროვნად შეაფასა ნაკრების იმდრონდელ ფორვარდთა შესაძლებლობები და იმასაც მიხვდა, მის მის ჩამოყალიბებულ სათამაშო მოდელს ყველაზე უკეთ პაოლო როსი რომ შეესაბამებოდა. ფრანგებთან ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ყველა ელოდა, რომ ბეარზოტი სასტარტო შემადგენლობაში გრაციანის დააყენებდა, მაგრამ ბოლო მომენტში დამრიგებელმა მას უფრო მოქნილად მოთამაშე როსი ამჯობინა და არც შემცდარა. მიშელ იდალგოს გუნდმა ანგარიში ასპარეზობის დაწყებიდან რამდენიმე წამში გახსნა, რასაც `სკუადრა აძურა” არ დაუბნევია. პაოლო როსიმ პირველსავე ტაიმში აღადგინა წონასწორობა, შესვენების შემდეგ კი აპენინელებმა მეორე გოლიც გაიტანეს. უკვე ფრანგებთან მატჩის დასრულების შემდეგ იტალიელთა 22 ფორვარდი მსოფლიო ჩემპიონატის აღმოჩენად გამოაცხადეს, პაბლიტომ კი მომდევნო შეხვედრებშიც განაგრძო შედეგიანად თამაში და მის გუნდს ცოტათი მეტად რომ გამართლებოდა, პლანეტის უძლიერეს ნაკრებთა სამეულშიც მოხვდებოდა. მუნდიალის ჩატარების წელს როსი იტალიაში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

1979 წელს პაოლომ კიდევ ერთხელ გამოიცვალა გუნდი. ”`ვიჩენცამ” მეორე პოზიციიდან მეთოთხმეტემდე დაიხია და მიუხედავად წამყვანი მოთამაშის მიერ გატანილი 15 გოლისა, სერია ბ-ში დაქვეითება თავიდან მაინც ვერ აიცილა. ამასთან, ვიჩენცელებს ვალიც დაუგროვდათ და მისი გაქვითვის მიზნით როსი `პერუჯაში” გაუშვეს. საკლუბო დონეზე უკანდახევის მიუხედავად, პაბლიტოს რეპუტაცია არათუ ოდნავ მაინც შეიბღალა, პირიქით უფრო გამყარდა და რომ არა 1979-80-ის სეზონის მსვლელობისას ამტყდარი სკანდალი, პაოლო როსი ფეხბურთში კიდევ უფრო მეტს მიაღწევდა. 28 წლის წინ კი იტალიელ ფეხბურთელთა ნაწილს ბრალი მაქინატორობაში დასდეს. გამოძიებამ ისინი ჩაწყობილ მატჩებში მონაწილეობასა და ტოტალიზატორებთან კავშირში ამხილა. როდესაც ფეხბურთელ-მაქინატორთა შორის პირველად როსის გვარმაც გაიჟღერა, თავდაპირველად არავის სჯეროდა, უბადლო ბომბარდირი `ბინძურ თამაშში” რომ მონაწილეობდა და ყველაფერი ჭორიკანა ჟურნალისტებს დაბრალდა. მართლაც წარმოუდგენლად სჩანდა, რატომ დასჭირდა პაოლოს გარიგებულ მატჩში მონაწილეობის მიღების სანაცვლოდ ქრთამის აღება, რომელიც მის ყოველკვირეულ ანაზღაურებასაც კი ვერ უტოლდებოდა. საქმე `პერუჯა”-`აველინოს” შეხვედრას ეხებოდა, წინასწარ შეთანხმებული სცენარის მიხედვით კი მატჩი 2:2 უნდა დასრულებულიყო და პერუჯელთაგან ორივე გოლი როსის უნდა გაეტანა.

აპენინელთა საფეხბურთო ფედერაციამ ულმობელი ვერდიქტი გამოიტანა – ფორვარდს სამი წლით აუკრძალეს ოფიციალურ ასპარეზობებში მინდორს გაკარება, თუმცა, მოგვიანებით პაოლო როსის სასჯელი შეუმსუბუქეს და დისკვალიფიკაციის ბოლო დღედ 1982 წლის 30 აპრილი განუსაზღვრეს. ამის გამო ფორვარდის `საბაზრო ღირებულება” მკვეთრად შემცირდა. არავინ იცოდა, როგორ ფორმაში მყოფი დაუბრუნდებოდა ფორვარდი ხანგრძლივი უქმობის შემდეგ მწვანე მინდორს. შექმნილ სიტუაციაში `იუვენტუსმა” შორსმჭვრეტელობა გამოიჩინა და პაოლო როსის სანაცვლოდ `ვიჩენცას” სულ რაღაც მილიონი დოლარი გადაურიცხა.

პაბლიტო სულიერად არ გატყდა. თავდაპირველად იგი კვირაში ორჯერ ვარჯიშობდა, დისკვალიფიკაციის დროის ამოწურვის მოახლოებასთან ერთად კი თანდათან წვრთნათა ინტენსივობას უმატა. 1982 წლის გაზაფხულზე მან სამი მატჩის ჩატარებაც კი მოასწრო. ამასობაში ესპანეთის სამსოფლიოჩემპიონატო განაცხადის შევსების დროც დადგა. ლამის მთელი იტალია ბჭობდა, ღირდა თუ არა ცოტა ხნის წინ დისკვალიფიკაციამოხდილი და რეპუტაციაშელახული როსის `სკუადრა აძურაში” დაბრუნება. მით უმეტეს, აპენინელებს საკმაო რაოდენობის მაღალი კლასის თავდამსხმელები ჰყავდათ. გრაციანი და პრუცო კვლავინდებურად მწყობრში იყვნენ, `ინტერში” კი ალესანდრო ალტობელის ტალანტი გაიფურჩქნა. თუმცა, ერთიცაა, ავტორიტეტული სპეციალისტები ერთხმად უჭერდნენ მხარს `მაქინატორის” სანაკრებო განაცხადში შეყვანას. `ორწლიან უმოქმედობას როსის კლასის დაქვეითება არ შეუძლია, თუკი იგი სათანადო ფორმას აკრებს, `სკუადრა აძურასთვის” შეუცვლელი ფორვარდი გახდება”, – ამბობდა იმხანად `იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი ჯოვანი ტრაპატონი. `პაოლოს ოსტატობა ნაკრებს ესაჭიროება. თანაც, მომქანცველი სეზონის შემდეგ გუნდის სხვა მოთამაშეებს დაღლილობა დაეტყობათ, როსის კი `აძურაში” `სიცოცხლის” შეტანა შეეძლება”, – ამგვარად კი ლეგენდარული ელენიო ერერა მსჯელობდა. პაბლიტოს შესაძლებლობებში ენცო ბეარზოტიც დარწმუნებული იყო და ჯერ კიდევ მისი დისკვალიფიკაციის ვადის მოხდამდე როსი ჯერ გაფართოებულ, 40 კაციან განაცხადში ჩართო, მაისის დასაწყიში კი – საბოლოოშიც.

თავის მეორე მსოფლიო ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში პაოლო პოლონეთის პირისპირ წარსდგა. მან მხოლოდ ერთხელ, პირველი ტაიმის მიწურულს გაგზავნა თავურით ბურთი მლინარჩიკის კარის მიმართულებით, მატჩისთვის განკუთვნილი დანარჩენი დროის განმავლობაში კი პასიურობდა და სახეირო არაფერი გაუკეთებია. მომდევნო შეხვედრა `სკუადრა აძურამ” პერუსთან ჩაატარა, როსი კი იმდენად უსუსურად გამოიყურებოდა, შესვენების შემდეგ ვიგოს `ბალაიდოსის” მინდორზე არ გამოჩენილა. ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი კამერუნთან – როსი კვლავ სასტარტოშია, 90 წუთს თამაშობს, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი ნულს უტოლდება. იტალია მომდევნო ეტაპზე ძლივს გაძვრა და ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს კრიტიკის ქარცეცხლი, რომელიც ბეარზოტს როსისადმი გამოჩენილი ნდობის სანაცვლოდ დაატყდა. `სკუადრა აძურას” დამრიგებელი არ დაბნეულა. იგი გრძნობდა ადრე თუ გვიან, პაბლიტოს `დასვენებული” ფეხები და სწრაფი აზროვნება სათანადოდ რომ ამუშავდებოდა და ჯიუტად განაგრძობდა მის სასტარტოში დაყენებას.

მეორე ჯგუფურ ეტაპზე იტალიელებს მეტოქეებად მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, დიეგო არმანდო მარადონათი გაძლიერებული არგენტინა და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები, ტელე სანტანას ფორმაციის ბრაზილია ერგო. ლუის სესარ მენოტის გუნდთან შეხვედრისას პაოლოს გოლი კვლავ არ გაუტანია, სამაგიეროდ, ძალიან პროდუქტიულად ითამაშა. ბრუნო კონტისთან ერთად როსიმ არგენტინელთა დაცვის ხაზის სისუსტეები ბოლომდე გააშიშვლა – ცენტრიდან და ორივე ფლანგიდან გარღვევებით როსი-კონტის ტანდემმა არგენტინელი მცველები ოლგუინი, გალვანი, პასარელა და ტარანტინი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო, უკეთეს დღეში არც ნახევარმცველები იყვნენ. ბეარზოტის `საიდუმლო იარაღი” ყველაზე ეფექტურად ბრაზილიასთან მატჩში ამოქმედდა. ერთი შეხედვით, წარმოუდგენელი ჩანდა იტალიელთა მიერ მეორე ჯგუფური ბარიერის დაძლევა, ზიკოს, სოკრატესს, ფალკაოსა და მათ პარტნიორებს ნახევარფინალში გასასვლელად ხელს ხომ ფრეც აძლევდა. ასეც მოხდებოდა, რომ არა `მაქინატორის” საოცრად მონდომებული თამაში და სამი სხვადასხვა სტილით გატანილი ბურთი `ფეხბურთის ჯადოქართა” კარში. პირველ შემთხვევაში პაოლო ლუიზინიოს `გაეპარა” და თავისი საფირმო დარტყმით, ბურთზე ფეხის წაკვრით შედეგიანად დაასრულა ანტონიო კაბრინის მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდება. მეორე გოლისას `სელესაოს” მცველთა უყურადღებობით ისარგებლა და ძლიერი დარტყმით კიდევ ერთხელ დააწინაურა `სკუადრა აძურა”, ბრაზილიელთათვის გადამწყვეტი დარტყმის მიყენებისას კი პაბლიტომ ისეთი პირუეტი შეასრულა, ბალეტის დიდოსტატსაც შეშურდებოდა.

პაოლო როსის შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო. ნახევარფინალში იტალიამ პოლონეთს `მაქინატორის” წყვილი გოლის წყალობით მოუგო, გერმანიასთან ჩემპიონობისთვის გადამწყვეტ მატჩში კი მეორე ტაიმის დასაწყისში პაბლიტომ მარცხენა ფრთიდან ალემანთა საჯარიმოს ცენტრისკენ გაშვებულ ბურთს ჰარალდ შუმახერის კარისკენ მიმართულება მუხლებზე დაშვებულმა თავით შეუცვალა. იმ მომენტში პაოლო როსი უფალს პატიებასაც სთხოვდა და მადლობასაც სწირავდა…

1978 წლის მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირმა მარიო კემპესმა სასტარტო სამ მატჩში გოლის გატანა ვერ შეძლო. ესპანეთში პაოლო როსი კიდევ უფრო `შორს წავიდა” – მან ხომ მხოლოდ დასკვნით სამ შეხვედრაში გამოავლინა სნაიპერული თვისებები და ტურნირის გოლადორი მაინც გახდა.

მსოფლიოს ჩემპიონტის შემდეგ როსის წარმატებული საკლუბო კარიერა ჰქონდა. `იუვენტუსთან” ერთად მან არაერთი ტიტული მოიგო, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი კი ბრიუსელის `ეიზელზე” 1985 წელს ”ლივერპულის” წინააღმდეგ ჩატარებული ტრაგიკული ფინალია, რომლის შემდეგაც პაბლიტომ თავსზემოთ ჩემპიონთა თასიც ასწია. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ როსი ძველებურად შედეგიანი მაინც ვერ იყო. საამისო მიზეზი კი მუხლის ტრავმა გახლდათ, რომლის ბოლომდე მორჩენა ვერა და ვერ მოახერხა. 1985 წლის ზაფხულში `იუვემ” პაოლო `მილანს” დაუთმო. როსიმ `სან სიროზე” თავი ვერაფრით გამოიჩინა და მთლიანი სეზონის განმავლობაში თავი მხოლოდ ორჯერ გამოიჩინა. `მაქინატორი” 1986 წლის მუნდიალზე მაინც გაემგზავრა, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ ენცო ბეარზოტის ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მორალური ნაბიჯი იყო და სპორტულთან კავშირი არ ჰქონდა. მექსიკის სტადიონებზე კი პაბლიტო არ გამოჩენილა.

დიდი „კომბინატორის” კარიერა ნელ-ნელა დასასრულს მიუახლოვდა. პაოლო როსის ბოლო გუნდი „ვერონა” გახლდათ. 1987 წლის გაზაფხულზე მან თავისი ბოლო გოლი მარადონას „ნაპოლისთან” შეხვედრისას გაიტანა, მატჩი კი ვერონელებმა 3:0 მოიგეს. იმ წელს ნეაპოლელები იტალიის ჩემპიონები გახდნენ, პაბლიტომ კი ფეხბურთიდან წასვლის თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა…

2020 წლის 9 დეკემბერს ფეხბურთის გულშემატკივართათვის სამწუხარო ცნობა გავრცელდა – რომში, 64 წლის ასაკში პაოლო როსი გარდაიცვალა…

გოჩა კაჭარავა